ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება უნდა და შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ კატალონიის „ბარსელონას“ შემტევმა Fox Sports-თან საუბარში განაცხადა.
„სანამ კარიერას დავასრულებ, მინდა „ალბისელესტეში“ ტიტული მოვიგო. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ბრძოლას ვაგრძელებ ჩემი ოცნების ასახდენად. არ ვიცი, ყატარის მუნდიალზე ვითამაშებ თუ არა, იქამდე ბევრი დროა. ახლა ძალიან კარგად ვარ, მაგრამ 32 წლის ვარ და არ ვიცი როგორ ვიქნები 3 წელიწადში. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება. წარსულში ძალიან ახლოს ვიყავით ტიტულის მოგებასთან, მაგრამ ყველაფერი კარგად არ დასრულდა. ვნახოთ, რა სურს ღმერთს“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების ღირსებას 2005 წლიდან მოყოლებული იცავს. ამ პერიოდში 129 მატჩში 65 გოლის გატანა შეძლო. ტიტულებს რაც შეეხება, მხოლოდ 2008 წელს მოახერხა ოლიმპიური ჩემპიონობა. გარდა ამისა, ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატის, ხოლო სამჯერ კოპა ამერიკის ფინალში დამარცხდა.