კალათბურთი

13:15 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ნახევარფინალს მიუახლოვდა

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში წარმატებული სტარტი აიღო. მალაგელები “ვალენსიას” ესტუმრნენ და ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს 85:78 სძლიეს.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13:31 წუთში 6 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
შერმადინმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში “უნიკახამ” მასპინძლებზე 10 ქულით მეტი ჩააგდო, რაც კაილ ვილტერთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
შეხვედრის გმირი სერბი კალათბურთელი დრაგან მილოსავლიევიჩი გახდა, რომელმაც თამაშიდან 12-დან 11 ტყორცნა გამოიყენა და 28 ქულა ჩააგდო.
მეოთხედფინალის მე-2 მატჩი 2 ივნისს მალაგაში შედგება და თუკი შერმადინის გუნდმა ისევ იმარჯვა, ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.
ამასთან, გაცილებით შორს არის თად მაკფადენის “ხუვენტუტი”, რომელიც “ბარსელონასთან” პირველი მატჩში სტუმრად 61:87 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მოედანზე 17:59 წუთი გაატარა და 8 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
მაკფადენმა 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 2 ორქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესი 3-ჯერ დაირღვა.
ბადალონელები საპასუხო შეხვედრას 2 ივნისს უმასპინძლებენ და ასევე ხვალ ჩაატარებს მე-2 მეოთხედფინალურ შეხვედრას თორნიკე შენგელიას “ბასკონია”. ბასკებმა შინაურ კედლებში “სარაგოსასთან” წააგეს და ახლა, სიტუაციის გამოსწორებას სტუმრაც ეცდებიან.

0.11581