ბათუმში ისევ საფეხბურთო ზეიმი და ისევ სანახაობაა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და მოლოდინისამებრ დაამარცხა და რაც მთავარი ეს ლაღი, თვალსასეირო ფეხბურთით მოახერხა.
აჭარელთა უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა. „სიონმა“ მეტოქეს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა ოდენ პირველი ტაიმი გაუწია და ეს ტაბლოზეც აისახა. „დინამომ“ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით მოახერხა გასვლა, გოლი კი მართლაც ლამაზი გამოვიდა - ვლადიმერ მამუჩაშვილმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ჩინებულად დაამუშავა და კიდევ უფრო მოხდენილად დაარტყა - 1:0. ბოლნისელთა კარის დარაჯ ზარქუას თავისი გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონია და პუბლიკამ გაიხარა. პუბლიკამ, რომელმაც ისევ შეავსო „ანგისის ბაზის“ ტრიბუნა და არამარტო ტრიბუნა.
აი, მეორე ტაიმში კი „დინამოს“ უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ჯერ იყო და გაბრიელ რამოსმა ალეფ სანტოსის წაქცევისთვის დანიშნული, საკმაოდ საკამათო თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, ხოლო 4 წუთის შემდეგ ბენჟამინ ტეიდმა გაისროლა. მასპინძელთა ლეგიონერემა დაახლოებით 30 მეტიდან ერთი შეხებით დაარტყა და არ შემცდარა - ბრწყინვალე გოლი მიითვალა.
მერე იყო მამუჩაშვილის დუბლი, რომელმაც უკვე საჯარიმოში ითამაშა ტექნიკურად და უზადოდ დაარტყა - 4:0. „სიონმა“ პრესტიჟის გოლი გაიტანა, როდესაც სტანდარტული რომან ჩაჩუას თავურით დაგვირგვინდა, მაგრამ გამანადგურებელ მარცხს სტუმრები ვერ გადაურჩნენ. ბოლო წუთზე თავისი გოლი ნიკოლოზ საბანაძემაც მიითვალა, რომელმაც მახვილი კუთხიდან მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.
5:1 და მორიგი ლამაზი საფეხბურთო საღამო ბათუმში. ამასობაში, „დინამო“ „საბურთალოსთან“ ერთად 34 ქულით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. „სიონმა“ კი მიჯრით მესამე მოუგებელი თამაში ჩაატარა და 21 ქულით უკვე მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
„დინამო“ (ბთ) – „სიონი“ 5:1 (1:0)
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (38), 2:0 რამოსი (62, პენ), 3:0 ტეიდი (66), 4:0 მამუჩაშვილი (77), 4:1 ჩაჩუა (84), 5:1 საბანაძე (90)