გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე დღეს 10-მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობა ქალებმა დაიწყეს. ქალთა ტურნირში 138 (!) მონაწილე გამოდის, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი და ისე გამოდიან საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ამ დილით უკვე ისროლა პირველმა ჯგუფმა, სადაც ლიზი კილაძეც გამოდიოდა. მას თითქოს ურიგოდ არ უსვრია, მაგრამ ფინალში ვერ მოხვდა - 574 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მე-14 ადგილზეა.
ამ ტურნირზე კილაძისთვის მთავარი ამოცანა სწორედ ფინალში მოხვედრა იყო, რადგან ამით ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების შანსს ინარჩუნებდა. ის ყველაზე კარგად მესამე სერიაში გამოვიდა, სადაც უნაკლოდ იასპარეზა და 100 ქულა დააგროვა! სხვათა შორის, პირველი ჯგუფის 68 მონაწილეს შორის მხოლოდ მას ჰქონდა 100 ქულა. სამწუხაროდ, ამან საბოლოოდ ვერ უშველა, რადგან მანამდე ჩააგდო წინა ორი სერია: 93 და 94 ქულა.
მესამე სერიაში წარმატებით ფრთაშესხმულმა კილაძემ მეოთხეც უდანაკარგოდ დაიწყო - სამი გასროლის შემდეგ 30 ქულა ჰქონდა, თუმცა მომდევნო ცდებზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა და 95 ქულა დააგროვა. მეხუთე სერიაც ასეთივე შედეგით დაასრულა, ბოლოს კი კიდევ ერთხელ გაიბრძოლა - 97 ქულა დააგროვა, მაგრამ ფინალში გასასვლელად ეს მაინც არ ეყო. 574 ქულა იქნებ არაა ურიგო მაჩვენებელი, მაგრამ მას ბევრად მეტი შეუძლია.
როგორც გითხარით, პირველი ჯგუფის გამოსვლის შემდეგ ის მე-14 ადგილზეა, წინ კი დარჩენიალია 70-კაციანი მეორე ჯგუფი. არადა, ლიდერთა უმეტესობა იქაა თავმოყრილი.
მათ შორისაა ოლიმპიური, მსოფლიოს ექვსგზის და ევროპის ცამეტგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძეც. მასთან ერთად გამოვლენ უკრაინელთა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი, ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა, ბერძენი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ანა კორაკაკი, სერბები - ევროპის ორგზის გამარჯვებული ბობანა ველიკოვიჩ-მომცილოვიჩი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი, მონღოლი ოლიმპიადის ვერცხლის და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი გუნდეგმაა ოტრიადი, ირანელი ჰაინე როსტამიანი და სხვები...
მათ უმეტესობას უკვე მოპოვებული აქვს ლიცენზია (მათ შორის - სალუქვაძესაც), თუმცა მიუნხენში ფინალის საგზურისთვის მაინც იბრძოლებენ. დიდი ალბათობით, ფინალურ ოქტეტს სწორედ ამ ჯგუფის წევრთა უმეტესობა შეავსებს. ეს ჯგუფი ასპარეზობას სულ მალე დაიწყებს.
ლიზი კილაძე: 574 ქულა (93, 94, 100, 95, 95, 97) - XIV ადგილი
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური