ფეხბურთი

23:08 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" გასეირნება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მე-16 ტურში ადვილი გამარჯვება იზეიმა თბილისის „საბურთალომ“. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე გათამაშების აუსტაიდერი „ვიტ ჯორჯია“ იყო, რომელსაც მეორე წრეში კინკილა ქულაც სანატრელი აქვს.

„საბურთალოს“ შეიძლება ითქვას, რომ კარგი ვარჯიში გამოუვიდა და ენერგია არც დაუხარჯავს ისე მოიპოვა მე-11 გამარჯვება მიმდინარე სეზონში.

ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელს ვაგნერ გონსალვეშმა გახსნა, რომელმაც დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მეორე ტაიმის შუაში კი თბილისელებმა უპირატესობა გაიმყარეს. ჯერ ლაშა შინდაგორიძემ მორიგი გოლი გაიტანა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში, ხოლო 6 წუთში წერტილი გიორგი დიასამიძემ დასვა, რომელმაც მეკარის ცუდი თამაშის შემდეგ ცარიელ კარში ადვილად მოახერხა გატანა.

„საბურთალომ“ 34 ქულა დააგროვა და მანამდე, მინიმუმ იქამდე, სანამ ბათუმის „დინამო“ ამ ტურის მატჩს ჩაატარებს, ერთპიროვნული ლიდერია. „ვიტ ჯორჯია“ კი 11 ქულით მეცხრე-მეათე ადგილებს „რუსთავთან“ ერთად იყოფს.

„საბურთალო“ – „ვიტ ჯორჯია“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვაგნერი (28), 2:0 შინდაგორიძე (64), 3:0 დიასამიძე (70)

0.116615