საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა. გამოცემა Voetbalnieuws-მა Transfermarkt-ის მონაცემებით 10 ფეხბურთელის ფასი გამოაქვეყნა.
გიორგი კი ხსენებული ვებგვერდის მონაცემებით 9 მილიონ ევროდ ფასობს, რაც მეათე ადგილზე მოხვედრისთვის აღმოჩნდა საკმარისი.
„9 მილიონ ევროდ ოთხი ფეხბურთელია შეფასებული და მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძე ერთ-ერთია. „გენტის“ ნახევარმცველი, რომელსაც უზარმაზარი ნიჭი აქვს და ეს „გელამკო არენაზე“ არაერთხელ აჩვენა. თუმცა, დაზიანებების გამო ბოლომდე პოტენციალი ჯერ ვერ გამოავლინა. მიუხედავად ამისა, ჩაკვეტაძემ ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო „გენტში“ გატარებულ ორ სეზონში 50 თამაშში 7 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად ტრავმირებულია და ამიტომ, საქართველოს ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.