სხვა

20:25 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთის ნაკრებს მაქსიმოვიჩი უხელმძღვანელებს

უახლოეს ტურნირზე, IHF ერთა ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 8-16 ივნისს, საქართველოს ხელბურთის ნაკრებს უხელმძღვანელებს სერბი მწვრთნელი, ნიკოლა მაქსიმოვიჩი.

მაქსიმოვიჩი 40 წლისაა. ხელბურთელი კარიერის დიდი ნაწილი ბელგრადის ცრვენა ზვეზდაში გაატარა, მწვრთნელობა კი ასაკობრივი გუნდებიდან დაიწყო - მუშაობდა სერბეთის 18 და 20-წლამდელთა, ასევე ისრაელის 16-წლამდელთა ნაკრებებში. 2009 წელს დააფუძნა ახალი კლუბი, ნოვი ბელგრადი, რომელმც წარმატებით გაიარა გზა სერბეთის პირველ ლიგამდე. 2014 წლიდან მაქსიმოვიჩი თელ ავივის მაკაბიში მუშაობს - ჯერ ცნობილი სპეციალისტის, დრაგან ჯუკიჩის ასისტენტად და ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელად, შემდეგ კი კაცთა გუნდის მთავარ მწვრთნელად. ბოლო 4 სეზონში კლუბმა ერთხელ მოიპოვა ისრაელის ჩემპიონობა და კიდევ ორჯერ ითამაშა ფინალში.

მაქსიმოვიჩი თბილისში 2 ივნისს ჩამოვა, 3 ივნისიდან კი საქართველოს ნაკრებთან საწვრთნელ პროცესს დაიწყებს. ის უკვე გაეცნო როგორც მომავალი მეტოქეების, ასევე საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია. მეორე ჯგუფში არიან: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი. ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებისთვის ითამაშებენ. გამარჯვებულის ვინაობის გარდა, ჩენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საკითხიც: ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეიოფის საგზურს.

გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ნიკოლა მაქსიმოვიჩთან:

- ბატონო მაქსიმოვიჩ, როგორი იქნება თქვენი მიზანი მომავალ ტურნირზე?

- როგორც მასპინძელი გუნდისთვის, საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიდი პატივია საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაში და ვფიქრობ, მათი მხარდაჭერა დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში - მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ რაუნდში გასვლას, რაც ქართული ხელბურთის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვენი აზრით, როგორი შანსები გვექნება?

- კარგი შანსები გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფი უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე, მაგრამ ამას სწორედაც ჩვენს უპირატესობად განვიხილავ, რადგანაც ყველა თამაშს საუკეთესოდ მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი მატჩი ნიგერიის წინააღმდეგ. ვიცი, რომ ყველა მოთამაშე ძალიან მოტივირებულია ამ ტურნირისთვის და ყველა თამაშში მაქსიმუმს გაიღებს!

- როგორი იქნება ტურნირითვის მოსამზადებელი პერიოდი?

- დრო ცოტაა, მაგრამ, ჯერ ერთი, მე საფუძვლიანი ინფორმაცია შევაგროვე მოწინააღმდეგე გუნდებზე და საქართველოს ნაკრების ხელბურთელების მატჩებსაც კარგად გავეცანი. შესაბამისად, ჩვენი გუნდი კარგად იქნება ინფორმირებული მეტოქეებზე და თავიდანვე მკაფიოდ ჩამოვუყალიბებ ჩემს მოთხოვნებს და სათამაშო იდეებს, რათა ხუთდღიანმა მოსამზადებელმა პროცესმა რაც შეიძლება ნაყოფიერად ჩაიაროს.

- თქვენი აზრით, რომელ გუნდს ექნება ტურნირის მოგების მეტი შანსი?

- ჩემი აზრით, ასეთი რამდენიმე გუნდი იქნება. ნიგერია, კუბა, აშშ, საქართველო, ჩინეთი და ბულგარეთი... გამარჯვებული ამათ შორის უნდა იყოს.

ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი

B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია

ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი.

8 ივნისი: საქართველო - ნიგერია, 9 ივნისი: საქართველო - მალტა,

10 ივნისი: საქართველო - ირლანდია, 12 ივნისი: საქართველო - აშშ,

13 ივნისი: საქართველო - ბულგარეთი

2-2 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას 1-4, 5-8 და 9-12 ადგილებისთვის

ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

0.127945