ფეხბურთი

17:40 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვერკველიასა და კვარაცხელიას "ლოკომოტივი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

სოლომონ კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას „ლოკომოტივი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში მოსკოველებმა „უფას“ უმასპინძლეს და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე დაასრულებდნენ სეზონს, რაც ავტომატურად ჯგუფური ეტაპის საგზურს მოუტანდა.

„ლოკომ“ „უფას“ მანუელ ფერნანდეშის 39-ე წუთზე გატანილი ჯარიმით მოუგო და მიზანი შეასრულა. „რკინიგზელებმა“ სეზონი 56 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს და მხოლოდ ჩემპიონ „ზენიტს“ ჩამორჩნენ. აღსანიშნავია, რომ ასევე 56 ქულა დააგროვა „კრასნოდარმა“, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. „ლოკომოტივმა“ კონკურენტს ურთიერთშეხვედრებში აჯობა (სტუმრად 1:2, შინ 1:0).

ამრიგად, „ლოკომოტივი“, რომელიც ერთი წლის წინ ჩემპიონი გახდა, ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. სეზონის ბოლო მატჩში კვირკველიამ მხოლოდ 16 წუთი ითამაშა, რადგან ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ჩვენებურის დაზიანება და დაეხმარება თუ არა საქართველოს ნაკრებს ივნისში მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის თამაშში 29-ე წუთიდან ჩაერთო.

რუსეთის პრემიერლიგის 2018-2019 წლების სეზონში კვირველიამ ყველა, 30-ვე თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა (ამასთან, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ერთხელ რუსეთის სუპერთასზე და ხუთჯერ რუსეთის თასზე). კვარაცხელიამ კი პრემიერლიგის 7 მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა, თასზე კი სამჯერ ითამაშა. მოგეხსენებათ, 18 წლის ქართველი „ლოკომოტივში“ „რუსთავიდან“ იჯარით ირიცხება.

შეგახსენებთ, "ლოკომოტივმა" რამდენიმე დღის წინ ტიტულიც მოიგო და რუსეთის თასი მოიპოვა.

0.141227