სხვა

21:23 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩიქოვანმა ვერცხლის მედლით დაასრულა  

საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა, კონსტანცამ, რუმინეთის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. ფინალის მეორე მატჩში გუნდი დამარცხდა შარშანდელ ჩემპიონ ბუქარესტის დინამოსთან 19-33 და სერია 0-2 წააგო. მესამე მატჩი საჭირო აღარ გახდა.

კონსტანცა რეგულარულ სეზონში პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ჯგუფურ ეტაპზეც პირველი იყო, თუმცა, ფინალი ულაპარაკოდ დათმო: შინ 26-33 და სტუმრად 19-33. კონსტანცელებმა ვერ შეაჩერეს ტუნისელი ამინ ბანნური, რომელმაც ორ მატჩში 23 გოლი გაიტანა.

ირაკლი ჩიქოვანი თავის ახალ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის კონსტანცაში ამ სეზონის დასაწყისში გადავიდა დუნარეა კელერაშიდან, რეგულარულ სეზონში 85 გოლი გაიტანა, 23 - მეორე ეტაპის 6 მატჩში და ხუთიც - ფინალის ორ შეხვედრაში. ამ 113 გოლს უნდა დავუმატოთ 16, რომელიც ქართველმა უკანახაზელმა გაიტანა EHF თასზე, სადაც კონსტანცამ ჯგუფურ ეტაპზე გააღწია. მეორე ადგილით კლუბმა კიდევ ერთხელ მოიპოვა ამ ევროტურნირზე თამაშის უფლება.

მესამე ადგილზე გავიდა პოტაისა ტურდა, რომელმაც 2-0 მოუგო კიდევ ერთი ევროტურნირის, ჩელენჯ კაპის წლევანდელ გამარჯვებული CSM ბუკურეშტის. რუმინეთის ჩემპიონატში დარჩენილია ერთადერთი მატჩი: შოთა თევზაძის კლუბმა, ფოჩანიმ მე-7-8 ადგლებისთვის სერიის მეორე მატჩში 36-31 დაამარცხა რუმინეთის თასის მფლობელი ტიმიშოარა და ანგარიში გაათანაბრა, 1-1. მესამე თამაში 29 მაისსაა ტიმიშოარაში.

მაისის ბოლოს ყველა ჩემპიონატი დასრულებული იქნება და საქართველოს ნაკრები მზადებას დაიწყებს IHF ერთა ჩემპიონატისთვის, რომელიც 8-16 ივნისსაა თბილისის სპორტის სასახლეში.

0.113583