თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ვითარება ძალიან დამძიმდა. „ვეტერინარებმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე წრეში უკლებლივ ყველა მატჩი წააგეს და უკვე მიჯრით მეექვსე მარცხი განიცადეს. მე-15 ტურში ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი „ლოკომოტივის“ დაუპირისპირდა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
თუ „ვიტელებს“ ბოლო დროს მძიმე პერიოდი დაუდგათ, ლევან კორღალიძის გუნდი აღმავლობის გზას ადგას და ეს იყო ზედიზედ მესამე გამარჯვება. შედეგად, „ლოკომ“ უკვე მე-7 პოზიციამდე მოახერხა აღმასვლა.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, სტუმართა უპირატესობა თვალსაჩინო გახლდათ და პირველი ტაიმის მიწურულს თორნიკე კირკიტაძემ ანგარიშის გახსნაც მოახერხა. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე კი ირაკლი სიხარულიძემ სხვაობა გააორმაგა და ყველა კითხვის ნიშანი გააქრო. მატჩის საბოლოო ანგარიში თორნიკე ძებნიაურმა დააფიქსირა, რომელმაც 76-ე წუთზე გაიტანა - 3:0.
„ლოკომოტივმა“ ბოლო სამ ტურში იმდენივე ქულა მოიპოვა, რამდენიმც მანამდე 12 ტურში და 18 ქულით მეშვიდეა. ხოლო „ვიტ ჯორჯიას“ კვლავინდებურად 11 ქულა შერჩა და მეცხრე პოზიციაზეა.
„ვიტ ჯორჯია“ – „ლოკომოტივი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 კირკიტაძე (34), 0:2 სიხარულიძე (46), 0:3 ძებნიაური (76)