ჩოგბურთი

19:14 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია!
ქართველმა ჩოგბურთელმა რეიტინგში სარეკორდო მე-16 ადგილზე გადაინაცვლა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) პირველ ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

დღეს, ბასილაშვილი მასპინძელ ჟო-ვილფრიდ ცონგას გაეჯიბრა და ამავე ტურნირის ნახევარფინალში 2017 წელს განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება მოახერხა – 6:4, 6:4.
შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ნიკას უპირატესობა თვალსაჩინო გახლდათ. მართალია, ჩვენებურმა პირველივე მოწოდება წააგო, პირველ სეტში მეტოქე 2-ჯერ დააბრეიკა, მეორეში კი წარმატებისთვის 1 ბრეიკიც საკმარისი აღმოჩნდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ცონგამ კი 4 ორმაგის ფონზე 9 ეისი მიითვალა და ისიც ეტყობოდა, რომ წლებმა მასზე დიდი ზეგავლენა იქონია. ჟო-ვილფრიდი, რომელიც კარიერის პიკზე (2012 წლის თებერვალში) მსოფლიოს მე-5 ჩოგანი იყო, ნიკოლოზის ძლიერ დარტყმებს ვერ უმკლავდებოდა.
ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილს ATP-ს ლაივ-რეიტინგში 1970 ქულა მოუგროვდა და მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. თუ ვინ იქნება ქართველის მომდევნო მეტოქე, ამ წუთებში კანადელი ფელიქს ოჟიე-ალიასიმისა და ამერიკელი სტივ ჯონსონის მატჩში ირკვევა.

0.113189