ძიუდო

15:20 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა ჰოჰოტის გრან პრიზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებიც ჰოჰოტის გრან პრიზე საასპარეზოდ ჩინეთში არიან ჩასულნი, მოახლოებულ ტურნირზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ აზიური შეჯიბრი სტარტს 24 მაისს აიღებს და სამ დღეს გასტანს, საქართველოს ნაკრები კი ჰოჰოტში 6 ძიუდოისტითაა წარდგენილი.
გრან პრის სასტარტო დღეს ტატამზე ვაჟთა 60 და 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავლენ, თუმცა, ჩვენებურებს საქმეში ვერ ვიხილავთ.
სამაგიეროდ, 3 ჩვენებური ჩაერთვება ტურნირში 25 მაისს, როდესაც გამარჯვებულები 73, 81 და 90 კგ-მდე წონებში გამოვლინდება.
73 კგ-ში ვალერი იაშვილი ძალებს ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინთან სცდის და წარმატების შემთხვევაში, პირველ ნომრად განთესილ შვედ ტომი მასიას შეერკინება.
მსგავს სიტუაციაშია ტატო გრიგალაშვილიც (81 კგ.), რომელიც ფრანგ ნიკოლა შილარს გაეჯიბრება და თუკი წარმატებას მიაღწია, უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ ირანელ საეიდ მოლაეის დაუპირისპირდება. ამავე წონაში ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან ჭიდილი მოუწევს კობა მჭედლიშვილს.
ჩინურ გრან პრიზე დასკვნითი ორთაბრძოლები 26 მაისს შედგება. გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ.) საწყის რაუნდში თავისუფალია და მე-2 წრეში რუს რომან დონცოვსა და ამერიკელ კოლტონ ბრაუნს შორის უმჯობესს ელის. ასევე ისვენებს უშანგი მარგიანი, რომელიც მერვედფინალში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსსა და ჩინელ რიგედე ბუს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.
მძიმე წონაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) ეყოლება, რომელიც ბრძოლაში ასევე მერვედფინალიდან ჩაებმება. მისი მეტოქე რუსი ანტონ ბრაჩევისა და ჩინელი იონჯიე იინის შერკინებაში ირკვევა.

0.116376