საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ქუთაისის „ტორპედო“ „რუსთავს“ ეწვია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, რომელიც საქართველოს ოთხგზის ჩემპიონის თავსაა, ქვემო ქართლში კარგი თამაში აჩვენა.
უგოლო ტაიმის შემდეგ, მაყურებელს მოსაწყენად საქმე აღარ ჰქონია. ზაზა ციცქიშვილმა მეორე ნახევარის მე-2 წუთზე „რუსთავი“ დააწინაურა, მაგრამ გატანილმა გოლმა ვარლამ კილასონიას გუნდს ფრთები ვერ შეასხა, პირიქით, „ტორპედომ“ ამის შემდეგ მთლიანად ჩაიგდო თამაშის სადავეები და ყველაფერი მისი კარნახით წარიმართა.
კახა ჩხეტიანის გუნდმა მალევე ბუდუ ზივზივაძის გოლით გაათანაბრა, რასაც ჯაფიაშვილის ავტოგოლიც მოჰყვა. მერე ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო 88-ე წუთზე წიქარიძემ სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა. „რუსთავმა“ ოდენ ის მოახერხა, რომ ციცქიშვილმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საგულისხმოა, რომ „რუსთავმა“ პირველი მატჩი წააგო მას შემდეგ, რაც კილასონია დაუბრუნდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მიუხედავად ამისა, ქვემო ქართლელები ისევ ბოლო, მეათე ადგილზე არიან. „ტორპედომ“ კი ლიდერი ბათუმის „დინამოსთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა და თავად მესამე საფეხურზეა.
„რუსთავი“ – „ტორპედო“ 2:4
გოლები: 1:0 ციცქიშვილი (47), 1:1 ზივზივაძე (56), 1:2 ჯაფიაშვილი (67 ა.გ), 1:3 ზივზივაძე (78, პენ), 1:4 წიქარიძე(88), 2:4 ციცქიშვილი (89)