საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გერმანულ „მაგდებურგს“ დაემშვიდობა. ჩვენებურს გერმანულ გუნდთან, რომელიც III ბუნდესლიგაში დაქვეითდა, კონტრაქტი ამოეწურა და შესაბამისად, თავისუფალი აგენტია.
ლორიამ „მაგდებურგს“ სოციალურ ქსელში წერილი მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა გერმანულ გუნდში მომუშავე პერსონალს.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „მაგდებურგს“. მხოლოდ ნახევარი სეზონი ვიყავი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს აქ დიდი დრო გავატარე. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ გუნდში მუშაობს: დირექტორს, სპორტულ დირექტორს, მწვრთნელებს, სტაფს, ავტობუსის მძღოლებს, ყველას, ვინც მუშაობს „მაგდებურგში“, მადლობა ყველა მოთამაშეს. და, განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც სახლში ვთამაშობდით თუ სტუმრად, ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ“, - დაწერა ლორიამ.
შეგახსენებთ, ქართველი მეკარე „მაგდებურგს“ ზამთარში 6-თვიანი კონტრაქტით შეუერთდა. ამ პერიოდში გიორგიმ გერმანიის II ბუნდესლიგაში 11 თამაში ჩაატარა, საიდანაც სამჯერ კარი მშრალად შეინახა და 10 გოლი გაუშვა.