ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ესპანეთის ქალაქ მალაგაში მიმდინარე იუნიორთა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლიპარტელიანი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც გერმანელ მალინ ფიშერს სძლია, მეოთხედფინალში კი ფრანგ ამბრე საბასთან დამარცხდა. ეთერმა რეპეშაჟში შვეიცარიელ მარიონ ლიენგმეს, უნგრელ ანდრეა კარმანსა და ესპანელ მარინა გარიგა ორტეგას აჯობა და კვარცხლბეკზე ასვლა შესძლო.
დღესვე ტატამზე ნატალია ყიფშიძეც (48 კგ.) გავიდა, რომელმაც საწყის ორთაბრძოლაში ესპანელი ეიდარ ბარანდიარან ბარეირო დაჯაბნა, მეოთხედფინალში ფრანგ ჯეიდ დესბუისთან წააგო, რეპეშაჟში პორტუგალიელი ლარა პირესი გაიარა, ესპანელ მირეია როდრიგეს სალვადორს კი ვეღარ გაუმკლავდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მალაგურ ევროპის თასზე ჩემპიონობა მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.) იზეიმა, საქართველოს ნაკრები კი თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედლით, გოგონათა ჩათვლაში მე-4 ადგილზე გავიდა.