ფეხბურთი

23:05 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს დღეებში სიტუაცია დალაგდება"

ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურმა გუნდის მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის განცხადება გაავრცელა.

კახა ჩხეტიანი: "მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში "ტორპედოს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, ხაზს ვუსვამ იმას, რომ გუნდი აქტიურად ემზადება "რუსთავთან" გასამართი მატჩისთვის - სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ჩვენთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროა, რომ გასულ ტურში დავმარცხდით, რადგან გალიდერების შანსი გვქონდა, მაგრამ... ვაგრძელებთ ბრძოლას!

სიტუაცია, რომელიც "ტორპედოს" ირგვლივაა, კლუბიდან ჩინელი ინვესტორის წასვლამ გამოიწვია. ამ დღეებში არაერთი შეხვედრა შედგა ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას, ხელმძღვანელობასა და გულშემატკივარს შორის... იყო ასევე ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის შეხვედრაც... კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალი ინვესტორი მოიძიოს და "ტორპედომ" ჩვეულებრივ გააგრძელოს ბრძოლა ჩემპიონობისთვის, გაძლიერდეს ევროტურნირებისთვის და ქალაქისა და ქვეყნის სახელი ღირსეულად დაიცვას.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რთულ სიტუაციაში გვერდში დაგვიდგა და გვიდგას. ამ ყველაფერმა ჩვენ უფრო გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა!

იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს დღეებში სიტუაცია დალაგდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქუთაისის "ტორპედოს" სჭირდება და ეკადრება."

0.125293