ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც მიმდინარე კვირაში რომის პრეტიჟული მასტერსის მერვედფინალში ითამაშა, იტალიიდან საფრანგეთში გადაბარგდა და ადგილობრივ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდიც 586 140 ევრო) პირველი რეიტინგით ჩაებმება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი ჩოგბურთელი 250-იან შეჯიბრზე პირველ ნომრად იქნება განთესილი. ცნობისთვის, OPEN PARC AUVERGNE-RHONE-ALPES LYON-ზე უმაღლესი განთესვა ამერიკელ ჯონ ისნერს უნდა ჰქონოდა, მას შემდეგ კი, რაც ის შეჯიბრიდან მოიხსნა, ქაღალდზე უმთავრეს ფავორიტად ნიკა იქცა.
განთესვიდან გამომდინარე, ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის უმჯობესს ეთამაშება.
ცნობისთვის, ნიკოლოზის კვალად, განთესილთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 2. რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), 3. დენის შაპოვალოვი (კანადა), 4. ფელიქს ოჟიე-ალიასიმი (კანადა), 5. დუშან ლაიოვიჩი (სერბეთი), 6. რიშარ გასკე (საფრანგეთი), 7. პიერ-უგო ერბერი (საფრანგეთი), 8. ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი).
ლიონში განუთესავ ჩოგბურთელთაგან ფრანგი ჟო-ვილფრედ ცონგა და ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი უნდა გამოვარჩიოთ. ვთქვათ ისიც, რომ ლიონის ტურნირის ჩემპიონი 250 სარეიტინგო ქულასა და 90 390 ევროს მიიღებს.