გოგა ბითაძის მორიგი აღიარება. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, ევროლიგამ 19 წლის ქართველ ცენტრს ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავის წოდება უბოძა, ამჯერად კი, ჩვენებურს იგივე ტიტული თავად კალათბურთელებმაც მიანიჭეს.
სპეციალური გამოკითხვა Eurohoops-მა ჩაატარა და მასში მონაწილეობა ევროლიგის 10 კლუბის (“მაკაბი”, “მილანი”, “ჟალგირისი”, “ბარსელონა”, “გრან კანარია”, “ბაიერნი”, “ფენერბაჰჩე”, “ანადოლუ ეფესი”, ცსკა და “პანათინაიკოსი”) 67-მა მოთამაშემ მიიღო, რომელთა ვინაობაც არ სახელდება.
გამოკითხულებს 8 კითხვისთვის უნდა გაეცათ პასუხი, რომელთაგან ქართველი ქომაგისთვის უმთავრესი შემდეგი გახლდათ: ვინ არის ევროლიგის 2018-19 წლების სეზონის ამომავალი ვარსკვლავი?
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ბითაძის უპირატესობა აშკარა იყო. 67-დან 47-მა კალათბურთელმა პირველ ადგილზე სწორედ ქართველი ტალანტი დააყენა, მე-2 პოზიციაზე გასულმა იოველ ზოოსმანმა კი მხოლოდ 8 ხმა მიიღო.
პროცენტული კუთხით, შედეგები ასე გადანაწილდა: გოგა ბითაძე – 70%, იოველ ზოოსმანი – 12%, გეორგიოს პაპაიანისი – 7%, როკას იოკუბაიტისი – 3%, ჯოელ ბოლომბოი – 3%.