ფეხბურთი

1:41 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შესუსტების" ნაცვლად უნდა ვიზრუნოთ გაძლიერებაზე" - "საბურთალო" "ტორპედოს" დასახმარებლად მზადაა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის "საბურთალო" ქუთაისის "ტორპედოს" დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს. თბილისელთა ვებგვერდმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი მზადაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და კლუბებთან ერთად იმსჯელოს და გამონახოს გზა "ტორპედოს" დასახმარებლად.

"გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქუთაისის “ტორპედოს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. უპირველესად, გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემასა და თანადგომას კლუბისა და მისი განსაკუთრებული გულშემატკივრების წინაშე. “ტორპედოს” მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამ ისტორიას სათანადო გაგრძელება სჭირდება. კლუბის ბოლო დროინდელმა წარმატებამ, ფეხბურთის ქომაგებს ჩაუსახა იმედი და რაც მთავარია, საგრძნობლად გაზარდა კონკურენცია ეროვნულ ჩემპიონატში.

ს.კ. “საბურთალო” ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამართლიანი თამაშის წესებს. ასევე, ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის გაზრდას კლუბებს შორის. სწორედ, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნაცვლად “ტორპედოს” შესუსტებისა, ყველა კლუბმა უნდა ვიზრუნოთ ძლიერი “ტორპედოს” შესანარჩუნებლად, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის და წინსვლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ უახლოეს პერიოდში კლუბს მოუწევს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა ევროპულ სარბიელზე. “საბურთალო” მზაობას გამოთქვამს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და კლუბებთან ერთად იმსჯელოს და გამონახოს საშუალება “ტორპედოს” დასახმარებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედოში" მძიმე ფინანსური ვითარება და გუნდი დაშლის პირასაა. ჯერჯერობით კი, აღნიშნული მდგომარეობიდან სათანადო გამოსავალი იმერულმა გუნდმა ვერ მოძებნა.

0.139482