ჩოგბურთი

22:43 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ნადალთან უშანსოდ დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ რომში მიმდინარე მასტერსზე (საპრიზო ფონდი 5 791 280 ევრო) მერვედფინალური მატჩი ესპანელ რაფაელ ნადალთან ჩაატარა და წარმატების შანსი არ ჰქონია – 1:6, 0:6.

ცხადი იყო, რომ ნიკას მე-2 ნომრად განთესილ ნადალთან წარმატების შანსი ნაკლებად ჰქონდა, ჩვენებურის მიერ დაშვებული უნებლიე შეცდომების სიმრავლე კი მეტოქეს საქმეს უადვილებდა.
ბასილაშვილს რაფას პირველივე მოწოდებაზე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, თავისი მოწოდება კი აიღო და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. სამწუხაროდ, ამის შემდეგ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა მიჯრით 11 (!) გეიმი წააგო და ცხადია, გამარჯვების შანსი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ მე-14 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა INTERNAZIONALI BNL D'ITALIA-ის საწყის რაუნდში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი 6:1, 7:6 (7:2) დაამარცხა, შემდეგ კი, სერბ ლასლო ჯერესაც ორ სეტში აჯობა – 7:5, 6:4. ამგვარად, ნიკას აქტივში 1925 ქულა შერჩა და ატპ-ს ლაივ რეიტინგში მე-18 ადგილზე იმყოფება.

ერთი საინტერესო დეტალიც. ნადალმა რომის მასტერსზე, დღეს, 2 მატჩი ჩაატარა და ფრანგ ჟერემი შარდისა და ბასილაშვილს ჯამში მხოლოდ 2 (!) გეიმი დაუთმო.

0.114958