დღეს დილით ქართველი ტყვიის მსროლელები ბაქოში მიემგზავრებიან, სადაც მიუნხენში გასამართავი მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელ ერთკვირიან შეკრებას გაივლიან. რაკი ეს მიუნხენის ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპია, ამიტომ შეკრებაზე მხოლოდ ის ოთხეული გაემგზავრება, რომელიც გერმანიაში იასპარეზებს.
ესენია ოლიმპიური და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე, ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე, ვინც სპორტსმენობასთან ერთად მწვრთნელის ფუნქციებსაც ითავსებს.
მიუნხენის ტურნირი სალიცენზიო სტატუსისაა - როგორც სხვა ანალოგიურ შეჯიბრებებზე, იქაც ტოკიოს ოლიმპიადის ორ-ორი საგზური გაიცემა, თუმცა, ცხადია, ადგილმონაცვლეობის პრინციპი იმოქმედებს ანუ პირველ-მეორეზე უკვე ლიცენზირებული მსროლელი თუ გავა, მაშინ საგზური მის მომდევნოს გადაეცემა. მასაც თუ ექნება ლიცენზია, მაშინ - იმის მომდევნოს და ასე შემდეგ.
მსოფლიოს თასებზე შეჯიბრებები ახალგაზრდებში არ ტარდება და გერმანიაშიც ისინი ამიტომ არ მიჰყავთ. თუმცა ზემოდასახელებული კვარტეტიდან კილაძე ჯერაც ახალგაზრდული ნაკრების წევრია, მაგრამ თავისი შედეგებიდან გამომდინარე, უფროსებში გამოჰყავთ. აქვე შეგახსენებთ, რომ კილაძე წინა ოლიმპიურ ციკლშიც უფროსებში გამნოდიოდა და იბრძოდა რიო დე ჟანეიროს ლიცენზიისთვის. სამწუხაროდ, მაშინ მას მხოლოდ ორი ქულა დააკლდა საგზურამდე. იმედია, ამჯერად საწადელს აისრულებს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრებიდან ტოკიოს თამაშების საგზური უკვე აქვს ნინო სალუქვაძეს, ვინც ლიცენზია სამიოდ კვირის წინ პეკინში გამართულ მსოფლიოს თასზე მოიპოვა. საქართველოდან ის ჯერჯერობით პირველი ოლიმპიელია, თავის კარიერაში კი მეცხრე თამაშებში გამოვა, ამ მაჩვენებლით კი სროლის სახეობებში მსოფლიოს რეკორდის თანაავტორი გახდა.
როოგორც გითხარით, ჩვენი კვარტეტი ბაქოში ზუსტად ერთი კვირით ივარჯიშებს და იქიდანვე გადაფრინდებიან გერმანიაში, სადაც მსოფლიოს თასის რიგით მესამე ეტაპი 24-31 მაისს ჩატარდება.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური