გაირკვა იმ ჩოგბურთელის ვინაობა, რომელსაც ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მასტერსის (საპრიზო ფონდი 5 791 280 ევრო) მე-2 წრეში ეთამაშება.
INTERNAZIONALI BNL D'ITALIA-ს 1/16-ფინალში მე-14 ნომრად განთესილი ბასილაშვილი სერბ ლასლო ჯერეს გაეჯიბრება, რომელმაც დღეს ყაზახეთის წარმომადგენელ მიხაილ კუკუშკინს 6:3, 6:4 სძლია.
შეგახსენებთ, რომ თავად ნიკოლოზმა გუშინ უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი 6:1, 7:6 (7:2) დაამარცხა.
27 წლის ბასილაშვილი, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილი უკავია, 23 წლის ჯერეს (32-ე) 3-ჯერ შეხვედრია.
ნიკამ 2015 წელს როლან გაროსის კვალიფიკაციაში 6:4, 6:4 მოიგო, შემდეგ კი, უპირატესობა სერბის მხარეს გადავიდა: შარშან ავსტრიულ კიცბიულში მან 6:3, 6:3 იმარჯვა, წლეულს უნგრულ ბუდაპეშტში კი ჩვენებური 3:6, 6:2, 6:3 დაამარცხა.
დღეს, ბასილაშვილმა ძალები რომის ტურნირის წყვილთა თანრიგშიც სცადა. მან და მოლდოველმა რადუ ალბოტმა მე-8 განთესვის მქონე ფინურ-ავსტრალიურ დუეტთან (ჰენრი კონტინენი-ჯონ პეერსი) 5:7, 3:6 წააგეს.