ფეხბურთი

14:14 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი მწიფდება: UEFA-სა და ECA-ს იდეა ეროვნულ ჩემპიონატებს დიდ საფრთხეს უქმნის
2024 წლიდან შესაძლოა ევროპული საკლუბო ფეხბურთი ძირეულად შეიცვალოს

ევროპულ ფეხბურთში დიდი სკანდალი მწიფდება. უეფა (UEFA) და ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) ჩემპიონთა ლიგის სრულ რეფორმაზე უკვე აქტიურად მუშაობენ.

2024 წლამდე ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ფორმატს არანაირი ცვლილება არ ემუქრება, მაგრამ ბოლო დროს უეფას პრეზიდენტი და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ხშირად ღიად საუბრობენ ცვლილებებზე და ნათელია, რომ ყველაფერი მწიფდება.

ამასობაში კი, შესაძლოა ნაღმი გასკდეს, რადგან ევროტურნირების ახალი ფორმატი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეროვნული ჩემპიონატების ჩატარებას. საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგა რეფორის შემდეგ დიდი ალბათობით, უიქ-ენდებზე (შაბათ-კვირას) გაიმართება. გარდა ამისა, 32 გუნდი 24 რვაგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან და მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე თითოეულ გუნდს 14 მატჩის ჩატარება მოუწევს.

„ჩვენი ტურნირი საუკეთესოა მსოფლიოში და ახლა არ ვიცით იქნება თუ არა, ცვლილებები. ისინი, ვინც გვაკრიტიკებენ, იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ გააუმჯობესონ თავიანთ ქვეყნებში ფეხბურთი. ჩვენ ახლახან დავადასტურეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი 2024 წლამდე უცვლელი იქნება, მაგრამ უეფა დინამიური ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის იმაზე მუშაობს, რომ თავისი ტურნირები განავითაროს და გააუმჯობესოს. საუკეთესოობა არ ნიშნავს, რომ კიდევ უფრო უკეთესის გახდომა არ შეიძლება. ჩვენ გვაკრიტიკებენ, მაგრამ ევროპის უდიდესი ორგანიზაცია ვართ და ყოველთვის დავიცავთ ფეხბურთს. მე არ მიყვარს საიდუმლო ურთიერთობები. გვაკრიტიკებენ, რადგან ცვლილებების იდეა გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციებს გავდივართ“, - აღნიშნა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერენიმ.

ჩეფერინსა და ანიელის რეფორმის იდეის გამოც დიდი კრიტიკა შეხვდათ და ეს უსაფუძვლო სულაც არაა. რადგან, ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატში ერთი საინტერესო პუნქტი დევს: 32 გუნდიდან საწყის 24 ადგილზე გასული გუნდები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ავტომატურად მიიღებენ. ეს იმთავითვე ნიშნავს, რომ ეროვნული ჩემპიონატების ჩატარება პრაქტიკულად აზრს დაკარგავს და ჩემპიონთა ლიგის საგზურები აღარ გათამაშდება.

იტალიის სერია A-ს ხელმძღვანელები უკვე ალაპარაკდნენ ბოიკოტზე:

„თუ უეფა და ევროპული კლუბების ასოციაცია არ მიიღებენ ჩვენს მოთხოვნებს, სავარაუდოდ, შევქმნით საერთო ორგანიზაციას სხვა ეროვნული ჩემპიონატებთან და გავიფიცებით. ვიმედოვნებ, რეფორმა შეიცვლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კონფრონტაციას, რაც ფეხბურთს დააზარალებს“, - თქვა ლეგა კალჩოს აღმსასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა „ტორინოს“ პრეზიდენტ ურბანო კაიროსაც:

„არასწორი, უსამართლო და მიუღებელი. ეროვნულ ჩემპიონატებს ჩამოერთმევათ სპორტული, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უპირატესობები. რესურსები თანაბრად უნდა გადანაწილდეს, როგორც პრემიერლიგაში და არა პირიქით“.

და ბოლოს, ხსენებული რეფორმის თანახმად ჩემპიონთა ლიგა გადაიქცევა სუპერ ლიგად, რასაც ევროპა ლიგა 1 და ევროპა ლიგა 2 გაუმაგრებენ ზურგს. იქნება აღზევება-დაქვეითების სისტემა, 32-დან 24 გუნდი კი მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირდება, რაც როგორც უკვე ვთქვით, ეროვნული ჩემპიონატების დისკრედიტაციას გამოიწვევს და ბევრი გუნდი ამ იდეას უკვე ემიჯნება.

0.117157