ფეხბურთი

2:43 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამი აფრიკელი და სამი ბომბარდირი

ინგლისის პრემიერლიგის 2018-2019 წლის სეზონი როგორი დაძაბული და დრამატული გამოვიდა, ისეთივე გამოდგა ბრძოლა ბომბარდირის ტიტულისთვის.

სადიო მანე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და მოჰამედ სალაჰი - პრემიერლიგის საუკეთესო გოლეადორი სამი ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შემტევებმა სეზონი 22-22 გოლით დაასრულეს. სალაჰი ბოლო ტურამდე ფავორიტი იყო, მაგრამ ეგვიპტელს ორბურთიანი უპირატესობა მანემ და ობამეიანგმა შესრულებული დუბლით გააქრეს.

გოლეადორთა შესახებ უფრო დეტალურად:

პიერ-ემერიკ ობამეიანგი - 36 თამაში, 22 გოლი (4 პენალტით), 5 საგოლე პასი

სადიო მანე - 36 თამაში, 22 გოლი (არცერთი პენალტით), 1 საგოლე პასი

მოჰამედ სალაჰი - 38 თამაში (3 პენალტით), 8 საგოლე პასი.

საინტერესოა, რომ სამივე ბომბარდირი აფრიკის კონტინენტს წარმოადგენს (სენეგალი, ეგვიპტე, გაბონი). ცნობისთვის, მეოთხე ადგილზე სერხიო აგუერო გავიდა 21 გოლით, ხოლო შემდეგ ინგლისელები მოდიან - ჯეიმი ვარდი (18), ჰარი კეინი (17) და რაჰიმ სტერლინგი (17).

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მეპასე ედენ აზარი გახდა. „ჩელსის“ შემტევმა თანაგუნდელებს 15-ჯერ გაატანინა (თავად 16 გოლიც გაიტანა). სხვათა შორის, „ლივერპულის“ მცველმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა 12 საგოლე პასით დაასრულა სეზონი და ეს მცველებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. გამოირჩა ალისონ ბეკერიც. "ლივერპულის" ბრაზილიელმა მეკარემ პრემიერლიგაში ყველაზე მეტი მშრალი შეხვედრა ჩაატარა - 21.

0.116608