ფეხბურთი

17:00 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო კლოპის წინააღმდეგ: არგენტინელს რევანშის შანსი ექნება

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისური დუელი შედგება და „ლივერპული“ ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება. გარდა იმისა, რომ თავად ეს შეხვედრა დიდ ინტრიგას გვპირდება, საინტერესოა მწვრთნელთა დაპირისპირებაც: იურგენ კლოპი მაურისიო პოჩეტინოს წინააღმდეგ.

ეს იქნება ამ მწვრთნელთა მეათე შეხვედრა ერთმანეთის წინააღმდეგ. წინა 9 დაპირისპირებიდან ყველა სწორედ „წითლებისა“ და „მამლების“ მესაჭის რანგში მოხდა (8 პრემიერლიგაში და 1 ინგლისის ლიგის თასზე).

პოჩეტინოს კლოპთან არცთუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს, რადგან ხსენებული 9 თამაშიდან არგენტინელმა ერთადერთი მოიგო. გასულ სეზონში „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგის ეგიდით კლოპის „ლივერპულთან“ 4:1 გაიმარჯვა.

მიმდინარე სეზონში კი ორივე თამაში მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთნაირი ანგარიშით - 2:1. მთლიანობაში სტატისტიკა ასეთია: 4 გამარჯვება კლოპი, 1 გამარჯვება პოჩეტინო და 4 ფრე.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრა 1-ელ ივნისს, მადრიდში გაიმართება.

0.116015