ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „ლივერპულის“ შემტევმა მოჰამედ სალაჰმა ტრავმა მიიღო. „ნიუკასლთან“ შეხვედრის 68-ე წუთზე ეგვიპტელმა „კაჭკაჭთა“ კარის დარაჯ მარტინ დუბრავკასთან შეჯახებისას შედეგად თავში სერიოზული დარტყმა მიიღო.
მომო მოედნიდან თვალცრემლიანი და საკაცით გაიყვანეს, ხოლო „სენტ ჯეიმს პარკის“ პუბლიკამ გაამხნევა და აპლოდისმენტები შეაგება. სანამ „წითლების“ ლიდერი დაზიანებას მიიღებდა, იქამდე გოლის გატანაც მოასწრო და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა გაიმყარა (22 გოლი).
აი, მის ნაცვლად თამაშში დივოკ ორიჯი ჩაერთო და სწორედ ბელგიელი გახდა 86-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის გმირი და ეგებ, სეზონისაც, ვინ იცის.
რაც შეეხება სალაჰის დაზიანებას - მოგეხსენებათ, „ლივერპულს“ სამიოდ დღეში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ელოდება „ბარსელონასთან“, ჯერჯერობით, ზუსტი დიაგნოზი უცნობია. ისე კი, სალაჰი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და მატჩის ბოლო წუთებს გასახდელიდან მიადევნა თვალი. ნამატჩევს, იურგენ კლოპმაც მცირე კომენტარი გააკეთა:
„თამაშის ბოლო ნაწილს გასახდელიდან უყურა, ის კარგად იყო“, - აღნიშნა გერმანელმა.
შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტის“ ორი ქულით გაასწრო, მაგრამ სეზონის დასრულებამდე თავად ერთადერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი, ხოლო „ქალაქელებს“ - ორი.