ჩოგბურთი

21:54 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის მასტერსი: ბასილაშვილი ტიაფოს დაუპირისპირდება, ფედერერი გრუნტის საფარს დაუბრუნდება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის პირველ წრეში ფრენსის ტიაფოს დაუპირისპირდება. 21 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი ამჟამად ATP-ის ლაივ-რეიტინგში 36-ე ადგილზე იმყოფება, ბასილაშვილი კი კვლავ მე-17 პოზიციაზეა. აღნიშნულ ჩოგბურთელებს შორის ეს პირველი დაპირისპირება იქნება. მატჩი 6 მაისს თბილისის დროით 14:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა შესაძლოა დრო შეიცვალოს.

ბასილაშვილმა ბოლოს ბუდაპეშტის ტურნირზე იასპარეზა, სადაც ლასლო დიერისთან მეოთხედფინალში დამარცხდა. ფრენსისმა კი დღეს, 4 მაისს ეშტორილის ტურნირზე პაბლო კუევასსთან მეოთხედფინალში წააგო. ნიკოლოზი გამარჯვების შემთხვევაში ფილიპ კოლშრაიბერსა და მიხაილ კუკუშკინს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში მესამე წრეში შესაძლოა რაფაელ ნადალს შეხვდეს. ბასილაშვილი წყვილთა შორისაც ასპარეზობს, ქართველი და მოლდოველი რადუ ალბოტი ბრუნო სოარეშსა და ჯეიმი მარეის დაუპირისპირდებიან.

2016 წლის შემდეგ გრუნტის საფარს როჯერ ფედერერი დაუბრუნდება. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ბოლოს სამი წლის წინ რომის მასტერსზე იასპარეზა და მას შემდეგ ორი სეზონი გამოტოვა. მადრიდის მასტერსის პირველ წრეში ფედერერი პირველ წრეს გამოტოვებს და მეორე წრეში რიშარ გასკესა და ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას შორის საუკეთესოს შეხვდება. ტურნირის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოოვიჩია და თუ სერბმა და შვეიცარიელმა წარმატებით იასპარეზეს ნახევარფინალში მათი დაპირისპირება შედგება.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევი მესამე ნომრადაა განთესილი და მეორე წრეში რობერტო ბაუტისტა აგუტსა და დავიდ ფერერს შორის საუკეთესოს შევხდება. ამ უკანასკნელისთვის მადრიდში გასამართი ტურნირი კარიერაში ბოლო იქნება. დავიდ ფერერი კარიერას 37 წლის ასაკში დაასრულებს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 6,536,160 ევროა. ბასილაშვილს ტურნირზე დასაცავი ქულა არ აქვს და მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში 45 სარეიტინგო ქულას და 42, 220 ევროს მიიღებს. ტურნირის გამარჯვებული კი 1,202,520 ევროთი დაჯილდოვდება.

0.131