ამსტერდამის "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ტოტენჰემი" ლონდონში დაამარცხა და საინტერესო მიღწევის თანაავტორიც გახდა. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონში ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა პლეი-ოფის სტადიაზე (მერვედფინალი, მეოთხედფინალი და ნახევარფინალი) ყველა საგარეო მატჩი მოიგო.
მსგავსი შედეგით კი აქამდე ორად-ორი გუნდი, მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" იწონებდნენ თავს. ნიშანდობლივია, რომ "რეკორდმაისტერმა" ამის გაკეთება 2012-2013 წლების სეზონში შეძლო და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა, ხოლო "რეალმა" 2017-2018 წლების სეზონში და მანაც მოახერხა ჩემპიონობა.
კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა - "ბაიერნმაც", "რეალმაც" და "აიაქსმაც" მეოთხედფინალში "იუვენტუსის" ტურინში დამარცხება შეძლეს ხსენებულ სამ შემთხვევაში...
ცნობისთვის, "აიაქსმა" წელს სტუმრად "რეალი" (4:1), "იუვენტუსი" (2:1) და "ტოტენჰემი" (1:0), "ბაიერნმა" (2012-2013 წლების სეზონში) "არსენალი" (3:1), "იუვენტუსი" (2:0) და "ბარსელონა" (3:0), ხოლო "რეალმა" (2017-2018 წლების სეზონში) პსჟ (2:1), "იუვენტუსი" (3:0) და "ბაიერნი" (2:1) დაამარცხა.