დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. ბევრი აქ „იუვენტუსი“ – „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირებას ელოდა, მაგრამ „ტოტენჰემი“ – „აიაქსი“ გველის და ეს გუნდები რომ დამსახურებულად გავიდნენ, ამაზე კამათი ყველას გაუჭირდება.
ისე კი, ამ გუნდების ასეთ ეტაპზე ყოფნა ყველასთვის მოულოდნელია. ეს სხვათა შორის, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა და ორივე კარგად ხვდება, რომ ეს შედეგი მათთვის დიდებულია, მაგრამ ახლა მადა ჭამაში მოუვიდათ და რა გასაკვირია, რომ ფინალზეც არ თქვან უარი.
„ტოტენჰემს“ უდიდესი დანაკლისი აქვს: ჰარი კეინი, ერიკ ლამელა, სერჟ ორიე, ჰარი ვინკსი და მინ-ჰონ სონი ვერ ითამაშებენ. ამ მხრივ, ჰოლანდიელებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან ლაზარეთი სრულად ცარიელია.
„მამლებისთვის“ დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სადებიუტო მატჩი იქნება, ხოლო „აიაქსი“ 1997 წლის შემდეგ პირველადაა ფინალთან ერთ ნაბიჯში. ერთიც ვთქვათ, „ტოტენჰემის“ ოთხი გამორჩეული ფიგურა ადრე „აიაქსში“ თამაშობდა და ფართო მასებისთვის ცნობადი ფეხბურთელებეი სწორედ ჰოლანდიური გრანდიდან გახდნენ - კრისიტიან ერიკსენი, დევინსონ სანჩესი, ტობი ალდერვეირელდი და იან ვერტონგენი. მოკლედ, მათ წარსულის გზით მოუწევთ ფინალამდე მისვლა.
მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი): „ეს იქნება ჯადოსნური საღამო, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევაფინალს ჩვენს ახალ სტადიონზე ჩავატარებთ, რასაც ვერავინ იტყოდა და იფიქრებდა რამდენიმე თვის წინ. ასეთ თამაშში შეუძლებელია დაიღალო და არ აღფრთოვანდე. ეს მენტალური საკითხია. ეს ორმატჩიანი დაპირისპირებაა. თამაშის პირველი ტაიმი ჩვენთან შედგება, მეორე კი „აიაქსის“ მოედანზე. მნიშვნელოვანია ეს თამაში იმიტომ, რომ გვეცოდინება როგორ უნდა მივუდგეთ მეორე 90 წუთს“.
ერიკ ტენ ჰაგი („აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ გვინდა პროგრესი გავაგრძელოთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყოფნა დიდებულია, სეზონის დასაწყისში ვერავინ ივარაუდებდა, რომ ჰოლანდიური გუნდი აქამდე მოვიდოდა. ჩვენ მივიღეთ რაღაც, მაგრამ უფრო მეტი გვინდა. ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს, მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და იმის, რომ მოედანზე გეგმას ერთად შევასრულებთ“.
სავარაუდო შემადგენლობები:
„ტოტენჰემი“ (4-3-2-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, როუზი; დაიერი, ვანიამა, ერიკსენი; ალი, ლუკასი; ლორენტე
„აიაქსი“ (4-2-3-1): ონანა; მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო; დე იონგი, შონე; ნერეში, ვან დე ბეეკი, ზიეჩი; ტადიჩი
მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)