თურქული „ალანიასფორის“ ფეხბურთელი იოზეფ სურალი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.
„ალანიასფორი“ „ქაისერისფორთან“ (1:1) მატჩის შემდეგ ქალაქში ბრუნდებოდა, როდესაც ავტობუსმა ავტოავარია განიცადა. ინციდენტი ალანიადან 5 კმ-ის დაშორებით მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, მძღოლმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა.
სურალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი სიცოცხლის გადარეჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. ჩეხის გარდა, დაშავდა 6 ფეხბურთელი: პაპის სისე, სტივენ კოლკერი, ჯალმა კამპოსი, ბაიანო, ველინტონი და ისააკ საქეი. თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არაა.
იოზეფ სურალი 28 წლის იყო (მაისში შეუსრულდებოდა 29 წელი) და „ალანიასფორს“ იანვარში პრაღის „სპარტადან“ შეუერთდა. ჩეხეთის ნაკრებში აწ გარდაცვლილს 18 მატჩში 1 გოლი ჰქონდა გატანილი.