კალათბურთი

12:44 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

MVP-ს ტიტული შენგელიას!
შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა – 12

ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ტრავმის მოშუშების შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თოკოს “ბასკონიამ” შინაურ კედლებში “ფუენლაბრადას” 101:92 სძლია, ჩვენებური კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:54 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა (1 შეტევაში), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
შენგელიამ 10-დან 7 ორქულიანი, სამქულიანი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხუთივე საჯარიმო ჩააგდო, არადა, ამ ბოლო პერიოდში, უკანასკნელ კომპონენტში, ქართველ ლეგიონერის ცუდი მაჩვენებლები ჰქონდა.
თორნიკემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა. შედეგად, ბასკონიელთა კაპიტნის სარგებლიანობის კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა და ის 29-ე ტურის საუკეთესო კალთბურთელიც გახდებოდა, რომ არა ასკია ბუკერის დიდებული გარჯა.
“მურსიას” ამერიკელმა ლიდერმა “მანრესასთან” საგარეო შეხვედრაში 9 სამქულიანი ჩააგდო, 40 ქულა მიითვალა, მისი სარგებლიანობის მაჩვენებელი კი 38 იყო.
“ბასკონიამ” 21 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი შეინარჩუნა, ამასთან, ლიდერ “ბარსელონას” მხოლოდ 2 მოგებითღა ჩამორჩება, ხოლო “რეალს” – ერთით.

კატალონიურმა გრანდმა სეზონში მე-5 მარცხი ბადალონაში განიცადა, სადაც მას “ხუვენტუტი” დაუხვდა და საკმაოდ დამაჯერებლად – 89:77 სძლია.
სასიხარულოა, რომ მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი გახლდათ.
ის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:55 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მაკფადენმა 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, 2-ჯერ დაუფარეს და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
ბადალონელებს 16 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდათ და მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან, რაც პლეი-ოფში თამაში გარანტია გახლავთ.

19 გამარჯვებითა და 10 წაგებით მე-4 საფეხურს ინარჩუნებს გიორგი შერმადინის “უნიკახა”, რომელმაც “სან პაბლო ბურგოსს” 91:70 სძლია.
ქართველი ცენტრი მარქაფაში გახლდათ, მოედანზე გამოჩენის შემდეგ კი, 17:21 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა (1 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შერმადინმა 7-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელები მომდევნო მატჩს 1 მაისს სტუმრად “ესტუდიანტესთან” ჩაატარებენ, 5 მაისს კი, “ბასკონია” “მანრესას” დაუხვდება, ხოლო ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტი” “მურსიას” ესტუმრება.

0.126763