სხვა

14:09 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული დუეტიდან ფინალში ვერცერთი მოხვდა

ჩინეთში ხვალ სრულდება მსოფლიოს თასის გათამაშება პნევმატური იარაღებიდან სროლაში. დღეს პისტოლეტით მსროლელმა ვაჟებმა იასპარეზეს, თუმცა ჩვენი დუეტიდან ფინალში ვერცერთი ვერ მოხვდა.

უფრო უკეთ ცოტნე მაჭავარიანმა ისროლა, ვინც საკვალიფიკაციო ეტაპზე 574 ქულა დააგროვა და 45-ე ადგილზე გავიდა. სერიებში მას ასეთი შედეგები ჰქონდა: 98, 94, 93, 96, 95, 98 ქულა.
ლევან ქადაგიძემ 566 ქულა მოინადავლა და 75-ე ადგილზე გავიდა. 93, 95, 91, 98, 95, 94 - ასეთია მისი შედეგები სერიების მიხედვით.
ვაჟებში მსოფლიოს თასს ინდოელი აბიშეკ ვერმა დაეუფლა - 242.7 ქულა. ვერცხლი რუსმა არტემ ჩერნოუსოვმა მოიპოვა - 240.4, ბრინჯაოს კი კორეელი სეუნგვოო ჰანი დაეუფლა 220.0 ქულით.
დღესვე სპორტული პისტოლეტით ასპარეზობა დაიწყეს ქალებმაც, რომელშიც ჩვენგან მხოლოდ ნინო სალუქვაძე გამოდის. ჯერჯერობით ჩატარებულია საკვალიფიკაციო ეტაპის მხოლოდ პირველი ნახევარი და სალუქვაძე 283 ქულით (95, 93, 95) 61-ე ადგილზეა. საკვალიფიკაციო ეტაპი ხვალ დამთავრდება და ხვალვე შევიტყობთ ფინალისტთა ვინაობას.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.115849