ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) მეოთხედფინალური მატჩი ელის, მისი მეტოქე კი სერბი ლასლო ჯერე იქნება.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ღია პირველობაზე ნიკა მე-4 ნომრადაა განთესილი, ლასლოს კი მე-5 რეიტინგი აქვს. ქართველი ბრძოლაში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაება, სადაც გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი 6:3, 0:6, 6:3 დაამარცხა, სერბმა კი ორ მეტოქეს აჯობა: ლატვიელ ერნესტს გულბისს – 6:4, 6:7 (6:8), 7:6 (7:2) და იტალიელ იანიკ სინერს – 6:3, 6:1.
27 წლის ბასილაშვილს მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილი უკავია, 23 წლის ჯერე კი 33-ეა. მეტოქეები ერთმანეთს პირველად 2015 წელს, როლან გაროსის კვალიფიკაციაში შეხვდნენ და მაშინ ნიკოლოზმა 6:4, 6:4 იმარჯვა, გასულ წელს, ავსტრიულ კიცბიუელში კი, მეტოქემ რევანშის აღება მოახერხა – 6:3, 6:3.
ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლის წყალობით, გასულ წელს იქვე გამომუშავებული 45 სარეიტინგო ქულა დაიცვა, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი, 90 ქულას მიიღებს. ამ დროისთვის, საქართველოს პირველ ჩოგანს აქტივში 1930 ქულა აქვს და ის, “ლაივ-რეიტინგში” მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზე იმყოფება.
ბუდაპეშტში მეოთხედფინალური მატჩები სტარტს 13:00 საათზე აიღებს და კორტზე სერბი ფილიპ კრაინოვიჩი და ხორვატი ბორნა ჩილიჩი გავლენ, 14:30 საათიდან ფრანგი პიერ-უგო ჰერბერტისა და უნგრელი ატილა ბალაშის შეხვედრაა დაგეგმილი, 16:00 საათიდან ურუგვაელი პაბლო კუევასი და იტალიელი მატეო ბერეტინი ითამაშებენ, დღის ბოლოს კი, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრასაც ვიხილავთ. თუკი რაიმე ცვლილება არ მოხდა, ბასილაშვილი და ჯერე ერთმანეთს 18:30 საათიდან გაეჯიბრებიან.
ვთქვათ ისიც, რომ სერბული ბარიერის გავლის შემთხვევაში, ნიკას დაპირისპირება ბერეტინისა და კუევასის წყვილში უმჯობესთან ელის. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა მერვედფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ხორვატ ჩოგბურთელს, მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფ მარინ ჩილიჩს 5:7, 7:6 (8:6), 7:6 (7:3) მოუგო.