ჩოგბურთი

18:45 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) მე-4 განთესვით ირჯება, პირველი გამარჯვება იზეიმა და მყის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

საქართველოს პირველი ჩოგანი უნგრეთის ღია პირველობაში მერვედფინალიდან ჩაება და გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 6:3, 0:6, 6:3 სძლია, რითაც შარშან გამომუშავებული 45 სარეიტინგო ქულა დაიცვა.

საინტერესოა, რომ ნიკას გოიოვჩიკთან ორივე გასული მატჩი წაგებული ჰქონდა, ამდენად, უხერხულ მეტოქესთან ნავსის გატეხვა მოახერხა.

თუ ვინ იქნება ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც კორტზე მე-5 განთესვის მქონე სერბი ლასლო ჯერე და შეჯიბრში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით ჩართული იტალიელი იანიკ სინერი გავლენ.
ცნობისთვის, ბუდაპეშტის ტურნირის გამარჯვებული 90 390 ევროსა და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს და თუკი წარმატებას ქართველმა ჩოგბურთელმა მიაღწია, ის 2 135 ქულით კლასიფიკაციაში მისთვის სარეკორდო მე-16 საფეხურზე გადაინაცვლებს.

0.113573