ფეხბურთი

16:20 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას "მანჩესტერში" თამაში აღარ უნდა

პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასაც აცნობა. ფრანგული L'Equipe-ს ცნობით, პოგბა უკმაყოფილოა, რომ "მანჩესტერი" ტიტულების მოგებას ვერ ახერხებს და მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა მის ამბიციას არ შეესაბამება.

ფრანგ ნახევარმცველ მანკუნიანელებთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მის გახანგრძლივებას არ გეგმავს და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალში" გადაბარგებას აპირებს.

ფრანგული მედიის ვარაუდით, პოგბას სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს და ესპანელებსაც ხსენებული თანხის გაღება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პოლ პოგბამ "მანჩესტერის" ღირსება 43-ჯერ დაიცვა და 16 გოლთან ერთად 11 საგოლე პასიც მიითვალა.

0.116776