კალათბურთი

12:53 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ტიტებმა” “ქუთაისს” მოუგო და თასის ნახევარფინალი გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა

საქართველოს თასის გათამაშების მეორე ფინალისტი 25 აპრილს გამოვლინდება. დღეს, ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში “ტიტებმა” “ქუთაისს” სძლია და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს, ქუთაისში, 18:30 საათზე გაიმართება.

16 აპრილს გამართულ სერიის პირველ მატჩში ამ გუნდებს ხუთეულის წევრები დაუშავდათ. ქუთაისელმა დეჟან რაიტმაც და “ტიტების” ცენტრმა გიორგი შარაბიძემ ფეხის ტრავმა მიიღეს და სეზონი ნაადრევად დაასრულეს. გასული შეხვედრა ქუთაისელებმა მცირე უპირატესობით – 99:95 მოიგეს, დღეს კი “ტიტებმა” დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და გამართული თამაშის წყალობით თასის ფინალში გასვლის შანსი მიიღო.

ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” დასაწყისში მცირე უპირატესობა მოიპოვეს, რასაც მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. მეორე პერიოდის მიწურულს “ტიტებმა” დიდი დანაკლისი განიცადეს. ერთმანეთის მიყოლებით მიღებული არასპორტული და ტექნიკური ჯარიმის გამო მოედნიდან ილია ლონდარიძე გავარდა. თბილისური გუნდი ფარქვეშ ბრძოლებში სათადარიგო ელგუჯა ბირკაიას იმედად დარჩა, რომელმაც გაამართლა და საბოლოოდ ორმაგ დუბლს -10 ქულა, 13 მოხსნა – უწია.

არადა, ქუთაისელთა ცენტრი აკაკი დვალიშვილი იშტაზე იყო და ლონდარიძის მეურვეობისას პერიმეტრზეც ადიოდა და 3-დან 3 სამქულიანიც ჩააგდო. ბირკაიასთან კი დვალიშვილი იმდენად შედეგიანი ვეღარ იყო, უკანა ხაზში კი “ტიტებს” პრობლემები თითქმის არ ჰქონდა, იმდენად კარგად თამაშობდნენ კაჰიმ რენსომი, ლიუკ მეიერი და ჟოელ ალმეიდა.

დიდი შესვენებიდან დაბრუნებული “ტიტები” შორ სროლებზე გადავიდა, ხოლო ფარქვეშ ბირკაიას შედეგიანობით ხეირობდა. გამყრელიძის გუნდის ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია, თუმცა მესამე პერიოდის ბოლოსკენ 2-ამდე შემცირდა. ყველაფერი დასკვნითმა ათწუთეულმა გადაწყვიტა, რომელიც “ტიტების” კალათბურთელებმა დიდი სრული კონცენტრაციითა და მობილიზებით ჩაატარეს და გამარჯვებამდეც სერიოზული პრობლემების გარეშე მივიდნენ – 98:93.

“ტიტებს” 28 ქულით რენსომმა ულიდერა, 23 ქულა დააგროვა ალმეიდამ, ხოლო 17 – მეიერმა. ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი – 23 ქულა, 111 ქულა, 4 პასი. 20 ქულა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე დაგროვდა.

შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშების ფინალში გასულია “მგზავრები”, რომელიც მეტოქეს 25 აპრილს, ქუთაისური მატჩის დასრულების შემდეგ შეიტყობს. ფინალი ერთმატჩიანია და იგი 27 აპრილს, თბილსის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

ტიტები – ქუთაისი
სტატისტიკა: 98:93

www.gbf.ge

0.11576