„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მცველს, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტს, გარი ნევილს, მიაჩნია, რომ დღევანდელი „მანჩესტერის“ ექვსი ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად თამაშობს.
მისი თქმით, მომატება სჭირდებათ მეკარე დავიდ დე ხეას, ნახევარმცველ პოლ პოგბას და შემტევებს: მარკუს რაშფორდს, ალექსის სანჩესს, რომელუ ლუკაკუსა და ანტონი მარსიალს.
„ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ საუკეთესოები იყვნენ საკუთარ პოზიციებზე, მაგრამ დღეს ისინი გაცილებით ცუდ თამაშს აჩვენებენ. ალექსისი? არ ვიცი, რა დაემართა. რაშფორდი ბოლო კვირებში ახლოსაც არ არის თავის შესაძლებლობებთან. „ბარსელონასთან“ ორივე მატჩი ვნახე და ისეთი შთაბეჭდილება შემექნმა, თითქოს ტრავმა აქვს.
ლუკაკუ დიდ თამაშებში თავს ვერაფრით იჩენს. პოგბა იმ პოგბას ემსგავსება მოურინიუს დროს რომ იყო. მარსიალი ტრავმის შემდეგ ახალი დაბრუნებულია, თუმცა თამაშის ხალისი არ ეტყობა. დე ხეა საკუთარ თავს არ ჰგავს. დაბნეული ჩანს.“ - უთხრა ნევილმა Daily Express-ს.