ფეხბურთი

12:30 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა "კრუზეიროს" 102 წლის ქომაგს ოცნება აუხდინა (+VIDEO)

ალბათ, გახსოვთ ბრაზილიელი თავდამსხმელი ფრედი, რომელიც ერთი პერიოდი "სელესაოს" მთავარი ფორვარდიც იყო 2014 წლის მუნდიალზე, იქამდე კი, 2006 წელსაც ითამაშა (და ავსტრალიასთან გოლიც გაიტანა) პლანეტის პირველობაზე.

ჰოდა, ახლა ფრედი ერთმა გულის ამაჩუყებელმა კადრებმა გაგვახსენა. 35 წლის ბრაზილიელი ამჟამად "კრუზეიროს" ღირსებას იცავს და ამ გუნდის 102 წლის მანდილოსან ქომაგს ოცნება აუსრულა. ერთ-ერთი თამაშის დაწყებამდე ფრედი ქალბატონთან მივიდა, თბილად გაესაუბრა, ჩაეხუტა და თავისი ავტოგრაფიანი მაისურიც გადასცა.

სწორედ ეს იყო "კრუზეიროს" 102 წლის გულშემატკივრის ოცნება, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რეალობად უქცია...

ცნობისთვის, ფრედი სხვადასხვა დროს "კრუზეიორს" გარდა, "ატლეტიკო მინეიროსა" და "ფლუმინენსეს" ღირსებას იცავდა, ხოლო ევროპაში 2006-2009 წლებში ფრანგული "ლიონისთვის" უტევდა. ბრაზილიის ნაკრებში კი, 2005-2014 წლებში 39-ჯერ ითამაშა და 18 გოლი გაიტანა.

0.130143