ბლოგი

12:45 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყირიმული კლუბების მძიმე აწმყო და მომავალი

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ყირიმის ნახევარკუნძული პირდაპირ მიიერთა, საფეხბურთო საზოგადოებაში დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ რა ბედი ელოდათ ცნობილ საფეხბურთო კლუბებს - სიმფეროპოლის “ტავრიასა“ და სევასტოპოლის “სევასტოპოლს“. ამ საკითხზე ჩვენს პორტალზეც არაერთხელ დაიწერა და ეს პრობლემური საკითხი პირდაპირ ებმის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საფეხბურთო კლუბების პრობლემას და როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც საქართველოში არსებული ვითარება უკრაინის იდენტურია.

2014 წელს, რუსეთის ხელისუფლების მიერ ყირიმში უკანონოდ გამართული რეფერენდუმის შემდეგ საფეხბურთო კლუბ "სევასტოპოლის" პრეზიდენტმა ალექსანდრ კრასილნიკოვმა განაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან რუსეთის ჩემპიონატში თამაში სურდა და ამასთან დაკავშირებით ფიფასა და უეფაში ოფიციალური წერილების გაგზავნას აპირებდა. უეფამ ამ სურვილს ძირშივე მოუღო ბოლო და ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც ეწერა, რომ თუკი რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ კლუბებს საკუთარ ჩემპიონატში ათამაშებდა, რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან გაირიცხებოდა.

ამის შემდეგ ვითარება გაიყინა და მიუხედავად ყირიმელი ქომაგების აქტიური მოთხოვნისა, რომ მათი კლუბების ბედი გარკვეულიყო, ფიფას და უეფას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ გადაწყვეტილება არ შეცვალეს და სეპარატისტების ოცნება, რომ საფეხბურთი კუთხით მაინც მოეპოვებინათ აღიარება - საბოლოოდ ჩაფლავდა. ყირიმში არსებული სტადიონები დღეს ფაქტობრივად უფუნქციოდაა დარჩენილი და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო, უამრავი ახალგაზრდა რჩება ფეხბურთთან წვდომის გარეშე.

“ამჟამად არც ერთი ოფიციალური წერილი არ არსებობს. ჩვენთვის არც კლუბებს მოუმართავთ და არც მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს. როგორ გავაკეთო კომენტარი “სევასტოპოლისა” და “ტავრიას” პრეზიდენტების განცხადებებზე, როდესაც ეს ადამიანები რუსეთისკენ თავქუდმოგლეჯილები გარბიან. მათ საქციელს ვერ განვსჯი, მაგრამ საბედნიეროდ, იურიდიულად არავითარი ძალა არ აქვთ. ყირიმის კლუბებს რუსეთის ჩემპიონატში თამაშის ნებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ” – ამბოვს უკარინის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ანატოლი პოპოვი. მისი სიტყვებიდანაც ჩანს, რომ უკრაინა დათმობას არ აპირებს, რაც პოლიტიკურადაც და მორალურადაც აბსოლუტურად გასაგებია.

ყირიმელი ქომაგებისათვის არსებობს ორი ძალიან მძიმე მაგალითი, რის მსგავასადაც შესაძლოა განვითარდეს მათი მომავალი. ეს მაგალითია საფეხბურთო კუთხით არსებული რეალობა ცხინვალსა და აფხაზეთში. სეპარატისტების საფარქვეშ არსებულ კლუბებს ევროპაში და მსოფლიოში არავინ აღიარებს, ამის გამო ბოლომდე ნადგურდება სპორტული ინფრასტრუქტურა და ახალგაზრდებს მოტივაცია აქვთ დაკარგული. რუსეთის ბევრი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა ადგილობრივი კლუბების რუსეთის დაბალ ლიგებში ჩარიცხვა.

ახლა უკრაინისთვის მეტად მნიშვნელოვანია საინფორმაციო კუთხით გააქტიურება და ყირიმელებისთვის ნათლად ჩვენება იმ მდგომარეობისა, რაც დღეს აფხაზეთშია. იმის დანახვაც აუცილებელია, რომ ხალხმა იცოდეს ზუსტად ეს ბედი ელით ყირიმის ფეხბურთს. ნებისმიერი ნამდვილი ქომაგისთვის და მათვის, ვისაც თავის ქალაქზე გული შესტკივა, მეტად მძიმე უნდა იყოს ყველა ანალოგი, რაც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან არსებობს. იქნებ ამის შემდეგ მაინც მიხვდნენ, თუ რა მომავალს უმზადებს “დედა რუსეთი“ - უზარმაზარი ქვეყანა რეგრესის დროშით.

0.120601