ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოამ“ ტად მაკფადენის „ჟუვენტუტს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 89:86 სძლია.
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა კალათბურთელმა, რომელმაც პარკეტზე 28:29 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ბექამ ორმაგი დუბლი გაიფორმა - 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა 10-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ შეხვედრა მარგი ქმედების 27 კოეფიციენტით დაასრულა და ამ კუთხით მხოლოდ თანაგუნდელ დანიელ პერესს (36) და „ჟუვენტუტის“ წარმომადგენელ მარკო ტოდოროვიჩს (30) ჩამორჩა.
რაც შეეხება მაკფადენს, ისიც გამორჩეული იყო და 24:21 წუთში საკუთარ გუნდს 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი შესძინა. საქართველოს ნაკრების წევრმა 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.
„გიპუზკოას“ 28 ტურის შემდეგ 8 გამარჯვების წილ 20 წაგება აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზეა, ხოლო „ჟუვენტუტი“ 15 მოგებითა და 13 წაგებით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.