ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 886 077 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში პირველი გამარჯვება იზეიმა.
დღეს, გორგოძე აშშ-ს სახელით მოთამაშე ვარვარა ლეპჩენკოს გაეჯიბრა და 32 წლის ჩოგბურთელი, რომელიც 2012 წელს მსოფლიოს მე-19 ჩოგანი იყო, 6:2, 7:6 (7:4) დაამარცხა.
თუ ვინ იქნება ეკოს მეტოქე მომდევნო რაუნდში, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მე-2 ნომრად განთესილი ესპანელი სარა სორიბეს ტორმოსა და გერმანელი ტამარა კორპაჩის შეხვედრა დასრულდება.
ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ალექსანდრე მეტრეველი და რუსი მარკოს კალოველონისი რუს თეიმურაზ გაბაშვილთანა და ბელარუს ივან ლუტარევიჩთან 6:7 (5:7), 2:6 დამარცხდნენ.