ფეხბურთი

18:20 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტური ბოლნისში გაიხსნა, სადაც „სიონს“ მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ეწვია და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად მთელი თამაში იგებდა, გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა, რომ პირველი წრე გამარჯვებით დაესრულებინა. „საბურთალო“ მალევე, მეშვიდე წუთზე დაწინაურდა. გრიგოლ ჩაბრაძე შეტევაში ჩინებულად ჩაერთო და ულამაზესი გოლით თორნიკე ზარქუას შანსი არ დაუტოვა. ეს პირველი ტაიმში ერთადერთი გოლი გამოდგა, თუმცა, სამაგიეროდ, მეორე 45 წუთი გამოდგა უხვგოლიანი.

„საბურთალომ“ 56-ე წუთზე სხვაობა გაზარდა. ვილი ისიანმა უყურადღებოდთ ითამაშა და მეტად არაზუსტი გადაცემით ბურთი ვლადიმერ დვალიშვილს ჩააბარა. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ასე აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ და საჩუქარი შეირგო - 0:2. ისიანმა შეცდომა ზუსტად 5 წუთში გამოასწორა, როდესაც მახვილი კუთხიდან ომარ მიგინეიშვილს ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი და ანგარიშის სხვაობა შეამცირა.

შეხვედრის ბოლო ნახევარი ბოლნისელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა კონტრშეტევა გამოეპარათ და მესამე გოლი გაუშვეს. ეს დიდწილად ლუკა ლაკვეხელიანის დამსახურაა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე გაილაღა და გიორგი დიასამიძეს საგოლედ უპასა. თავის მხრივ, თანაგუნდელმაც ჩინებული გარჯა დაუფასა და გაიტანა. მიუხედავად ამისა, „სიონი“ ბრძოლაში ბოლომდე დარჩა და ზვიად სიხარულიას გოლით კიდევ ერთხელ შეამცირა ჩამორჩენა. ბოლოს, დავით თარგამაძეს მიგინეიშვილმა აჯობა, თორემ მასპინძლებს ქულის გადარჩენაც შეეძლოთ.

საბოლოოდ, „საბურთალომ“ მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოიგო და საკუთარ მონაგარს მორიგი ქულები შემატა. დედაქალაქურ გუნდს 9 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო „სიონი“ 11 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

დღეს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კიდევ ორი მატჩი გაიმართება - „დილა“ „რუსთავს“, ხოლო ბათუმის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

„სიონი“ – „საბურთალო“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჩაბრაძე (7), 0:2 დვალიშვილი (56), 1:2 ისიანი (61), 1:3 დიასამიძე (79), 2:3 სიხარულია (88)

0.112364