სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

12:40 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე დრაფტის მოწინავე ათეულში!
ამერიკულმა ვებგვერდმა ქართველი ტალანტი მე-9 ადგილზე განამწესა

19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე წინასადრაფტო სიებში სულ უფრო მაღალ პოზიციებზე ინაცვლებს. ამჯერად, თავისი რეიტინგი ამერიკულმა “რინგერმა” (The Ringer) გამოაქვეყნა, სადაც გოგას მე-9 ადგილი მიაკუთვნა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი ტალანტი მოწინავე ათეულში მოხვდა.

აღნიშნულ კლასიფიკაციაში ბითაძე ბოსნიელ იუსუფ ნურკიჩთან, თურქ ენეს კანტერთანა და ამერიკელ კაილ ო’ქუინთან გახლავთ შედარებული. ჩვენებურის პლიუსად პიკ ენ როლზე დამაჯერებელი თამაში, პასის კულტურა, “სქრინების” დაყენება და სამქულიანის სროლის უნარია დასახელებული, მინუსად კი, დაცვაში შედარებით ნელი გადაადგილება და ფიცხი ხასიათია.
იმ კალათბურთელთა ჩამონათვალი, რომლებიც “რინგერის” რეიტინგში გოგას უსწრებენ, ასე გამოიყურება: ზიონ უილიამსონი (აშშ), რ.ჯ. ბარეტი (აშშ), ია მორანტი (აშშ), ჯარეტ კალვერი (აშშ), დე’ანდრე ჰანტერი (აშშ), დარიუს გერლენდი (აშშ), ქემ რედიში (აშშ), სეკუ დუმბია (საფრანგეთი).
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ბითაძე მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტთან” ერთად ადრიატიკის ლიგის ფინალში ირჯება, სადაც მისი გუნდი სერბულ “ცრვენა ზვეზდას” 1:2 ჩამორჩება. დღეს, თბილისის დროით 21:00 საათიდან სერიის მე-4 შეხვედრა პოდგორიცაში გახლავთ დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117822