კალათბურთი

1:20 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმმა” დაუმარცხებელი სერია ლიდერ “ქუთაისთანაც” გააგრძელა

სუპერლიგის ბოლოსწინა, მე-17 ტური ბათუმში გაიხსნა. აჭარას “ქუთაისი 2010” ესტუმრა, რომელიც წინა ტურის შემდეგ განაღდებული პირველობით დარჩენილ მატჩებში სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციოდ დარჩა.

კოტე ტუღუშის გუნდი ნებისმიერი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე ასრულებს. ალბათ ეს იყო იმის მიზეზი, რომ იმერულ კლუბს ბათუმში მობილიზება აკლდა და 17 ქულით ჩაგდებული მესამე პერიოდი მთლიანი შეხვედრის წაგებად დაუჯდა.

მატჩი “ბატუმის” გამარჯვებით – 97:89 დასრულდა, რითაც გაგრძელდა ზღვისპირელთა ბრწყინვალე სვლა. გია კაზანჯიანის გუნდმა, რომელსაც 4 ტურის წინ “ა” ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა, ზედიზედ მოახერხა “დელტას”, “თსუ-ჰიუნდაის”, “დინამოსა” და “ქუთაისის” დამარცხება და პროგრამა მინიმუმი – სუპერლიგაში დარჩენა – შეასრულა. ბოლო 6 თამაშიდან ბათუმელებმა 5 მოიგეს, რაც ასევე შთამბეჭდავი შედეგია უპრეცედენტოდ ტოლძალოვან სუპერლიგაში.

ბათუმელებს 30 ქულით კეისი შეპარდმა ულიდერა. 22 ქულა სპენსერ კოლინსის ანგარიშზეა. ლევან ელიაძემ კი ისევ გაახარა საკუთარი ქომაგები და თავი 19 ქულას მოუყარა. “ქუთაისში” 22 ქულით ბომბარდირი დეჟან რაიტი გახდა. 17 ქულა და 16 მოხსნა ტერენს ტომპსონის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მე-17 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა ხვალ, 13 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ბათუმი – ქუთაისი
სტატისტიკა: 97:89

www.gbf.ge

0.118381