სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

20:35 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაია ფინალშია, ქავჟარაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია (130 კგ.) ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში იაკობმა ფინელი ჰეიკი ლაჰტი 9:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იგივე ანგარიშით პოლონელ ანჯეი კრაიევსკის აჯობა, ნახევარფინალში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ სერგეი სემიონოვს (რუსეთი) 3:2 მოუგო.
გადამწყვეტ შერკინებაში ქაჯაიას მეტოქე კიდევ ერთი სახელოვანი ფალავანი, მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი, ევროპის 7-გზის გამარჯვებული და ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი რიზა კაიაალპი იქნება. თურქმა მოჭიდავემ გზიდან ხორვატი ანტე მილკოვიჩი (5:0), აზერბაიჯანელი საბაჰ შარიათი (5:0), რუმინელი ალინ ჩიურარიუ (5:0) და ესტონელი ჰეიკი ნაბი (4:0) ჩამოიცილა.
13 აპრილს კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ექნება ლევან ქავჟარაძეს (63 კგ.), რომელმაც ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ, რუს სტეპან მარინიანთან 3:11 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ მიხალ ტრაჩსა და ლიტველ იუსტას პეტრავიჩიუსს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
ხვალვე ევროპირველობაში საქართველოს ნაკრების კიდევ 5 წევრი ჩაებმება: რამაზ სურმანიძე (60 კგ.), საჩინო დავითაია (67 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.), ლაშა გობაძე (82 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11935