კალათბურთი

16:15 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეს, ბითაძე ადრიატიკის ლიგის ფინალში ჩაებმება

დღეს, ბელგრადში სტარტს აიღებს ადრიატიკის ლიგის ფინალური სერია, რომელიც კალათბურთის ქართველ ქომაგებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მიზეზი მარტივია: მოედანზე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გოგა ბითაძე უნდა იყოს, რომლის “ბუდუჩნოსტიც” სერბულ “ცრვენა ზვეზდას” შეერკინება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველმა ცენტრმა რეგულარული სეზონის ყველა ტიტული მოიპოვა. ის მოხვდა სიმბოლურ ხუთეულში, მოგვიანებით კი, ჯერ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ, ხოლო შემდეგ სულაც ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში პოდგორიცელებმა ხორვატულ “ცედევიტას” 2:1 სძლიეს, ბელგრადელებმა კი იგივე ანგარიშით სერბულვე “პარტიზანს” აჯობეს. საერთო აზრით, გადამწყვეტ სერიაში ფავორიტად “ცრვენა ზვეზდა” მიიჩნევა, რომელსაც მოედნის უპირატესობაც გააჩნია, თუმცა, ცხადია, რომ შეჯიბრის მოქმედი ჩემპიონი არაფრის დათმობას აპირებს.

როგორც აღვნიშნეთ, ფინალი სტარტს დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე ბელგრადში აიღებს, 14-ში იქვე შედგება მე-2 მატჩიც, საჭიროების შემთხვევაში, მომდევნო 2 შეხვედრა 17 და 19 აპრილს პოდგორიცაში ჩატარდება, გადამწყვეტ მატჩს კი, 22 აპრილს ისევ სერბეთის დედაქალაქი მიიღებს.

სასიხარულოა, რომ მომავალი შერკინებისადმი მიძღვნილ ფაქტობრივად ყველა პოსტერზეა ბითაძეა გამოსახული, ადრიატიკის ლიგის ოფიციალური ვებგვერდი კი ფინალის საკვანძო მომენტად გოგასა და “ცრვენა ზვეზდას” ნიგერიელ გიგანტ ცენტრ მაიკლ ოჯოს (სიმაღლე 216 სმ.) დაპირისპირებას მიიჩნევს.

“ბითაძისა და ოჯოს შერკინება მართლაც გამორჩეული მოვლენა იქნება. “ბუდუჩნოსტის” კალათბურთელი ფარქვეშ მთელი სეზონის განმავლობაში ბატონობდა და მისი საშუალო მონაგარი 12 ქულა და 5 მოხსნა იყო. ორივე ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის პოდგორიცელთა რიგებში მე-2 გახლდათ. ფინალში ბითაძის პირისპირ ათლეტური ოჯო დადგება, რომელმაც ნახევარფინალში “პარტიზანის” მაღლები უბრალოდ არ შეიმჩნია. ამდენად, თვალსასეირო დაპირისპირებას უნდა ველოდეთ”, - ვკითხულობთ აღნიშნულ საიტზე.

საინტერესოა, რომ სერბული და მონტენეგროული გრანდები ადრიატიკის ლიგის პლეიოფში ერთმანეთს ზედიზედ მესამე წელია ხვდებიან. 2016-17 წლების სეზონის ნახევარფინალში ბელგრადელებმა 2:1 იმარჯვეს, გასულ სეზონში კი პოდგორიცელებმა 3:2 მოიგეს და ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

2016-17 წლების სეზონის ნახევარფინალი

“ცრვენა ზვეზდა” – “ბუდუჩნოსტი” 82:67

“ბუდუჩნოსტი” – “ცრვენა ზვეზდა” 63:57

“ცრვენა ზვეზდა” – “ბუდუჩნოსტი” 82:59

2017-18 წლების სეზონის ფინალი

“ცრვენა ზვეზდა” – “ბუდუჩნოსტი” 76:80

“ცრვენა ზვეზდა” – “ბუდუჩნოსტი” 69:59

“ბუდუჩნოსტი” – “ცრვენა ზვეზდა” 78:77

“ბუდუჩნოსტი” – “ცრვენა ზვეზდა” 77:73

0.130863