ლისაბონის „ბენფიკას“ შემტევი ჟოაო ფელიში მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა და სამშობლოში ახალ კრიშტიანუ რონალდუსაც უწოდებენ. "არწივების" ნიჭიერმა ფეხბურთელმა საფეხბურთო ევროპა მიმდინარე სეზონში უკვე აალაპარაკა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
არავინ იცის, ნიჭიერი ფეხბურთელი შეძლებს თუ არა, ლეგენდარული თანამემამულის კვალის ღირსეულად გაგრძელებას, მაგრამ ფაქტია - დიდი მომავალი აქვს. ფელიშს 2019 წლის 11 აპრილი ალბათ არასდროს დაავიწყდება, მისი კარიერა როგორც უნდა განვითარდეს და რა მწვერვალებიც დაიპყროს.
საქმე ისაა, რომ პორტუგალიელმა შემტევმა ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ფრანკფურტის „აინტრახტთან“ (4:2) ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ისტორიაში შევიდა!
საქმე ისაა, რომ 2007 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა (19 წლისა და 153 დღის). მასზე უფრო პატარა ასაკში იგივე მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისურით სერხიო აგუეროს აქვს გაკეთებული (19 წლისა და 124 დღის).
აი, უშუალოდ ევროპა ლიგის გათამაშებას თუ ავიღებთ, როდესაც სახელი შეიცვალა (2009-2010 წლების სეზონიდან), გამოვა, რომ ფელიში ყველაზე ახალგაზრდული ჰეთ-თრიქის ავტორია. ნიშანდობლივია, რომ ეს მისი პირველი გოლები იყო ევროასპარეზზე და აქამდე თავი არ ჰქონდა გამოჩენილი. ბუნებრივია, არც ისაა გასაკვირი, რომ მისი კარიერის პირველი ჰეთ-თრიქიც გერმანული გუნდის წინააღმდეგ შედგა.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა - 1992 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც უეფას თასზე ანტონიო პაჩეკომ ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა, ჟოაო ფელიში „ბენფიკას“ პირველი ფეხბურთელია, რომელიც ევროთასებზე ჰეთ-თრიქით გამოირჩა.
აქვე გეტყვით, რომ ჟოაო ფელიში „ბენფიკას“ აღზრდილია და მთავარ გუნდში პირველ სეზონს ატარებს. სხვათა შორის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში შედეგიანად ირჯება და 20 შეხვედრაში 10 გოლიც აქვს გატანილი.
ბუნებრივია, მასზე თვალი უკვე უჭირავთ ევროპულ გრანდებს. როგორც ამბობენ, მისთვის ბრძოლაში ფავორიტი ტურინის „იუვენტუსია“, რადგან ამ გუნდთან ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს კარგი ურთიერთობა აქვს და კრიშტიანუ რონალდუც დამატებითი ფაქტორია.
ვნახოთ, ვნახოთ - ჟოაო ფელიში საფეხბურთო სცენაზე ფეხს მყარად იკიდებს...