ქართველი მოჭიდავე ირაკლი მწითური (92 კგ.) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მწითურმა რუს მაგომედ კურბანოვთან ურთულესი ორთაბრძოლა გადაიტანა, შერკინების დასრულებამდე ხუთიოდ წამით ადრე, მეტოქე ორქულიან ილეთზე დააგდო და 3:3-ზე ბოლოს აღებული ქულების წყალობით იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლიმ მეოთხედფინალში რუმინელი ადრიან რეკორეანი 7:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ შარიფ შარიფოვთან (აზერბაიჯანი) 2:8 წააგო.
ამგვარად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთა აქტივში უკვე 5 მედალია. მანამდე, ვერცხლი ბექა ლომთაძემ (61 კგ.) აიღო, ბრინჯაოს მედლები კი ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.), ნიკა კენჭაძემა (79 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) დაისაკუთრეს.
მცირე ხანში ხალიჩაზე ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) გავა, რომელიც ფინალში თურქ ტაჰა აკგულს გაეჯიბრება.