ჭიდაობა

23:50 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ნიკა კენჭაძემა (79 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კენჭაძემ მე-3 ადგილისთვის შერკინებაში ბელარუსი ანდრეი კარპაჩი 7:1 დაამარცხა (მანამდე, რეპეშაჟში გერმანელ ფრანკო მარიო ბუეტნერს 7:2 სძლია), ოდიკაძემ კი, მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს 3:0 მოუგო.
ხვალ, 10 აპრილს მედლები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება და ქართველ ფალავნებს 4 მედლის აღების შანსი აქვთ.
ფინალში იჭიდავებენ ბექა ლომთაძე (61 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.). ლომთაძემ გზიდან მაკედონიელი ელმედინ სეიფულაუ (10:0) და შვეიცარიელი რენდი ადრიან ვოკი (10:0) ჩამოიცილა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მისი მეტოქე სომეხი არსენ არუტუნიანი იქნება.
პეტრიაშვილმა ფინალამდე სამ მეტოქეს აჯობა: უნგრელ დანიელ ლიგეტის (7:4), პოლონელ რობერტ ბარანსა (10:2) და უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანოვსკის (3:2). ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის პრინციპულ მეტოქე ტაჰა აკგულს (თურქეთი) დაუპირისპირდება.
ბრინჯაოსთვის რუს მაგომედ კურბანოვს შეერკინება ირაკლი მწითური (92 კგ.), რომელიც ნახევარფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან 2:8 დამარცხდა, მანამდე კი, რუმინელ ადრიან რეკორეანს 7:0 სძლია.
რეპეშაჟშია გადართული ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), რომელმაც სომეხ ვარუჟან კაჯოიანსა და თურქ იაკუპ გორს 10:0 სძლია, მეოთხედფინალი კი, დასანანად, 3:3-ზე დათმო საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ზელიმხან ხაჯიევთან.
ხვალ, ქართველი ფალავანი ავსტრიელ სიმონ მარჩლსა და ესტონელ აიმარ ანდრუსესთან უმჯობესს გაეჯიბრება და თუკი იმარჯვა, ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდილი უკრაინელ ვასილ მიხაილოვთან მოუწევს.

0.151863