როგორც ერთი მწერალი წერდა - არგენტინა ის ქვეყანაა, სადაც გაოცება დიდი ხნის წინ დაივიწყეს და იქ უცნაური სწორედ ისაა, როდესაც უცნაურობა არ ხდება. თუმცა, რაც გასულ კვირას ბუენოს აირესში მოხდა, არგენტინის უცნაურობათა მრავალწლიან ისტორიასაც კი გვარიანად სცილდება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭეშმარიტ სიგიჟეში გადადის.
როგორც იქნა აღსრულდა მრავალ ქომაგთა დიდი ხნის ოცნება და საფეხბურთო კლუბი “რასინგი“ არგენტინის ჩემპიონი გახდა! ადვილი მისახვედრია, თუ რა ამბავსაც ასტეხდნენ “რასინგის“ ჭკუანაღრძობი ქომაგები და ბუენოს აირესის ქუჩებში ისეთი გემრიელი სმა-ჭამა და ცეკვა-თამაში გააჩაღეს, “ბოკა ხუნიორისისა“ და “რივერ პლეიტის“ მრავლისმნახველ ქომაგებსაც კი პირწყალი და ბოღმის ცრემლები ადენინეს.
თუმცა ეს ყოველივე საერთოდ არაფერია იმასთან, რაც "რასინგის" ერთ-ერთმა სრულიად გადარეულმა ქომაგმა, ვინმე გაბრიელ არანდამ ჩაიდინა. ეს ამოდონა ოყლაყი ადგა, არც მეტი არც ნაკლები, ბაბუამისის საფლავი ამოთხარა, გარდაცვლილი წინაპრის თავის ქალა საფლავიდან ამოიღო და საზეიმო (მისი აზრით საზეიმო) ვითარებაში ჩამოატარა ბუენოს აირესის მთავარ გამზირზე.
გაბრიელ არანდა ამას იმით ხსნის, რომ ბაბუამისი მთელი ცხოვრების მანძილზე “რასინგის“ თავგადაკლული ქომაგი იყო და იგი ბევრ ახლანდელ ქომაგზე მეტად იმსახურებდა იმ ზეიმში მონაწილეობას, რაც ბუენოს აირესის ქუჩებში იმართებოდა და რაკი სხვანაირად ვერ მოიფიქრა როგორ უნდა გაეხარებინა ბაბუამისი, ადგა და მისი თავის ქალით წარუდგა სრულიად არგენტინისა და მსოფლიოს საზოგადოებას.
ადვილი მისახვედრია რა რეაქციაც მოჰყვებოდა ამ ამბავს. მთელი მსოფლიოს მედია დგას და ზოგი ხუმრობით, ზოგი კი მორალისტური გაბრაზებით აქიაქებს გაბრიელ არანდას ამ სიგიჟეს. გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც იძახიან, რომ საფლავიდან თავის ქალის ამოთხრა და ქუჩებში ტარება მისი შეურაცხყოფა სულაც არაა და პირიქით - ბევრი ადამიანი იოცნებებდა სიკვდილის შემდეგ შვილიშვილებს ასევე “დაეფასებინოთ“.
შეხედულებები და ღირებულებები ყველას ერთნაირი არა და ვერ გვექნება და ამ აზრს ყველანი ბავშვობიდან ვართ შეგუებულები. მაგრამ გასაოცარი ისაა, რომ მიუხედავად სრულიად მსოფლიოს გადარევისა და წიოკისა, საკუთრივ არგენტინაში “რასინგის“ ქომაგის მიერ ჩადენილი ეს საქციელი დიდად არც გაკვირვებიათ. თავად კლუბის პრეზიდენტმა კი საერთოდ ისიც კი თქვა, რომ ძალიან აფასებს მათი გუნდის შთამომავლობითი ქომაგის ასეთ საქციელს და გაბრიელ არანდას ბაბუის საფლავის კეთილმოწყობას კლუბი აიღებს საკუთარ თავზე.
როგორც დასაწყისში ვთქვით, არგენტინაში უცნაურობები მართლაც აღარავის უკვირს. ზოგჯერ ეს უცნაურობები სიგიჟეებშიც გადადის. იმაზე კი ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ფეხბურთზე ასე სიგიჟემდე შეყვარებული ხალხი და ქვეყანა ნამდვილად იმ რეალობაზე მეტს იმსახურებს, რაც დღეს არგენტინის საფეხბურთო ნაკრებში ხდება. ეს ის არგენტინის ნაკრები არ არის!